Never Mind

Bala's Blog

ამბავი როტფუსთან შეხვედრისა

leave a comment »


თუ პატრიკ როტფუსის “მეფის მკვლელის ქრონიკის” ერთი წიგნი მაინც არ წაგიკითხავთ, ალბათ ეს პოსტი არ დაგაინტერესებთ და ჯობს, ტყუილად დრო არ დახარჯოთ.

.

.

.

.

.

.

ესეც ასე, მარტო ნამდვილი ფანები დავრჩით.

რამდენიმე ადამიანმა მთხოვა როტფუსთან შეხვედრის ამბის მოყოლა. მეც ვრცელი ფეისბუქ პოსტის დაწერას ვამჯობინე, ბარემ შანსს გამოვიყენებ და ბლოგს გავაცოცხლებ-მეთქი. ზუსტად არც ვიცი, რა უნდა დავწერო, რა მოვყვე, ამიტომ ალბათ ცოტა ქაოსური პოსტი გამომივა, მაგრამ რასაც გავიხსენებ, ყველაფერს დავწერ და იმედია, ვინმე აზრს გამოიტანს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ძალიან მოკლე საშემოდგომო არდადეგების (2 დღე, ზუსტად 2-დღიანი საშემოდგომო არდადეგები გვაქვს ემორიში. საბედნიეროდ შაბათ-კვირას მოსდევს და მთლიანად 4 დღე გამოდის) ნიუ-იორკში, მეგობართან გატარება გადავწყვიტე და ბილეთებიც კარგა ხნის წინ ავიღე. წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე კი ბედმა ან ფეისბუქის ჭკვიანმა ალგორითმმა საჩუქარი მომიწყო და სქროლვისას სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ივენთს – ნიუ-იორკის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში პატრიკ როტფუსთან შეხვედრა და ავტოგრაფების დარიგება იგეგმებოდა.

მდგომარეობა წიგნის მაღაზიის ფეისბუქ ადმინმა გაამწვავა, როდესაც რამდენიმე დღით ადრე დაპოსტა, მხოლოდ 250 ადგილი გვაქვს შეხვედრაზე დასასწრებად, ინტერესი კი დიდია და “ქარის სახელის” საიუბილეო გამოცემის მხოლოდ პირველ 250 მყიდველი შეძლებს დასწრებასო. შეხვედრა საღამოს 6-ზე იყო დაგეგმილი, წიგნების გაყიდვა კი დილის ათიდან იწყებოდა. მეც გადავწყვიტე, არ გამერისკა და რამდენადაც შემეძლო ადრე, ცხრის წუთებზე გამოვცხადდი მაღაზიასთან. ოცამდე ჩემნაირი უკვე იქ დამხვდა.

ორი საათი სხვა რა უნდა გვეკეთებინა, რიგში გვერდით მდგომებმა ერთმანეთი გავიცანით და დავიწყეთ ამბების მოყოლა: ვინ როდის დაიწყო როტფუსის კითხვა, ვის რომელი პერსონაჟი მოსწონს, ეკრანიზაციაში ვის ვინ რომელ როლზე წარმოუდგენია, შემდეგ წიგნში რა მოხდება და ა.შ. ისიც გავამხილე, “ბრძენკაცის შიშის” ერთ-ერთი მთარგმნელი რომ ვარ და თარგმანის სირთულეებზეც ვილაპარაკეთ. მივხვდი, როგორ მომნატრებია ლიტერატურაზე და კონკრეტულად როტფუსზე ლაპარაკი. თან ყველა ისეთი საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა… ჩემ შემდეგ ერთი თეთრთმიანი გეიმერი გოგო იდგა, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურებოდა, აურის როლს რომ ზედ დააკვდებოდა. ჩემ წინ მდგომ ბიჭს, ოსტინს რომ ვუთხარი, საიდან ვიყავი, გამარჯობაო – თურმე ადრე ქართველი გერლფრენდი ჰყოლია. ჩანთაში “ქარის სახელის” კარტის დასტა აღმოაჩნდა და დაახლოებით ნახევარი საათი ამ კარტის ნახატების გარჩევაში გავიყვანეთ. ოსტინის წინ მსახიობი გოგო ტეილორი იდგა, რომელიც ძალიან ჰგავდა ემა სტოუნს და უნდოდა, ეკრანიზაციაში დევის როლი ეთამაშა.

რამდენი ვწერე და ჯერ დილის 10 საათამდეც ვერ მივედი. Skip forward… ჰოდა, ათმა საათმაც მოაწია, საბოლოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა, ათი საათისთვის 250 ადამიანი ნამდვილად არ მოგროვილა (თუმცა ასზე მეტნი მაინც ვიქნებოდით ჩამწკრივებულნი). ყველამ მოვიპოვეთ “ქარის სახელის” საიუბილეო გამოცემის თითო ეგზემპლარი და ბედნიერები გამოვედით Barnes & Noble-დან. დღის განმავლობაში ერთადერთი მისია მქონდა შესასრულებელი – 6 საათამდე ცოცხალს უნდა მიმეღწია და მეც წარმატებით დავძლიე. ბევრი ვიბოდიალე, ვოლსტრიტის უშიშარ გოგოსთან ფოტო გადავიღე, 9/11-ის მუზეუმი დავათვალიერე და უკან, წიგნების მაღაზიისკენ გავემართე. მთელი დღე თავხსმა წვიმა იყო და გავილუმპე, თუმცა წიგნი გადარჩა!

ექვსი საათიც მოახლოვდა. მაღაზიაში 4-სთვის დავბრუნდი და დილანდელ ნაცნობებს შევხვდი. საუბარმა შეგვიყოლა და როცა შეხვედრის ადგილისკენ გადავინაცვლეთ, ჩვენდა საუბედუროდ, მხოლოდ მეორე რიგში მოვხვდით (გაბრაზებული სმაილი, ზუსტად არ ვიცი როგორ იწერება). ნერვული ლოდინის (რა მანერვიულებდა, არც ეგ ვიცი, იმ სმაილისა არ იყოს) ბოლო ორმა საათმაც ჩაიარა და ოთახში ის შემოვიდა.

თავიდანვე არჩევანის უფლება მოგვცა, შეგიძლიათ მთელი შეხვედრის ვიდეო გადაიღოთ, ან არ გადაიღოთო, იქვე არგადაღების უპირატესობებზეც ისაუბრა (უფრო გახსნილი ვიქნებიო, ყველაფერზე თავისუფლად ვილაპარაკოთო, ასეო, ისეო) და შემდეგ კენჭისყრა ჩაატარა. ხმათა 100%-ით გაიმარჯვა არგადაღებამ და კითხვა-პასუხიც დაიწყო. თუ ვინმე მესამე წიგნის გამოსვლის შესახებ რამე ინფორმაციას და რამე სპოილერს ელით, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მესამე წიგნთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობს და ხალხმაც უკვე იცის, რომ არაფერი მსგავსი არ უნდა იკითხოს. თუმცა ერთმა მაინც გაბედა და საინტერესო დიალოგიც შედგა:

პატრიკი: შემდეგი შეკითხვა… აი, თქვენ (ანიშნებს რომელიღაც უკანა რიგში მჯდომ თინეიჯერს)

თინეიჯერი: ბასტი ქვოს შვილია?

პატრიკი: კარგი კითხვაა… (დარბაზის მეორე მხარეს ტრიალდება და სხვა დამსწრეს ანიშნებს, რომ შემდეგი შეკითხვა დასვას)

მესამე წიგნის დაგვიანების გამო მანამდეც იწუწუნა და აღარავის გასჩენია სურვილი, ეკითხა, წიგნი როდის გამოვა ან ესა და ეს ასე და ასე მოხდება თუ არაო. იყო საინტერესო კითხვებიც და ნაკლებად საინტერესოებიც. ხუთი წუთი პასუხობდა გოგოს, რომელმაც ჰკითხა, სხვა ქალაქში გადავდივარ საცხოვრებლად, რუმმეითებთან ერთად უნდა ვიცხოვრო და კატები თან წავიყვანო თუ არაო. ჰო, ასეთებიც იყო. თავად ითხოვა, შეგიძლიათ ყველაფერი მკითხოთ, ოღონდ “შთაგონება როდის გეწვია” და მსგავსი გაცვეთილი შეკითხვები აღარ გვინდაო.

ბოლოს საუბარი დენნაზე ჩამოვარდა. კიდევ ერთი კენჭისყრა ჩაატარა და ხელის აწევით გვთხოვა გვენიშნებინა, ვინ ვერ იტანს დენნას ძალიან, ვინ “ისე-რა” ვერ იტანს და ვის უყვარს. ხმები სამ ჯგუფში დაახლოებით თანაბრად გაიყო, რასაც პატრიკის ვრცელი ახსნა მოჰყვა. თურმე, პატრიკს დენნას სახით ისეთი პერსონაჟის შექმნა სურდა, რომელიც ყველას მოეწონებოდა… ჰო, აშკარად საპირისპირო რაღაც გამოუვიდა. ძალიან უკვირს, როცა ხალხს დენნა არ მოსწონს და აქვს რამდენიმე და საკმაოდ საინტერესო ახსნა და ამ ფაქტს ხალხის გონებაში გამჯდარ სექსიზმს და სტერეოტიპებს უკავშირებს.

პატრიკის აზრით, ქალებს დენნა შეიძლება არ მოსწონდეთ რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. ქვო ძალიან უყვართ და ჰგონიათ, რომ დენნა მას ასე არ უნდა აწვალებდეს და ქვოს თვითონ უფრო შეეფერებიან.
  2. ქვოს უმცროსი ძმასავით უყურებენ და ვერ იტანენ, როცა ვიღაც მათ უმცროს ძმას ტანჯავს.
  3. სხვა…

კაცებში კი (და ქალების ზემოთჩამოთვლილი სამივე კატეგორიის დიდ ნაწილში)  იმდენად გამჯდარია ტიპიური ქალი პერსონაჟის ხატი, რომ ამ უჩვეულო და თავის ხუშტურებზე მოსიარულე პერსონაჟს ვერ ეგუებიან. ქალ პერსონაჟს ხომ ტრადიციულად მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს ნაწარმოებში: იყოს კაცის ჯილდო, კაცის ერთგული, მისი სურვილების შემსრულებელი, ან შეიძლება ორი კაცის ბრძოლის მიზეზი გახდეს და საბოლოოდ გამარჯვებულთან დარჩეს ისე, რომ ვერ გავიგოთ, თვითონ რომელთან ერჩივნა. ბევრი ფიქრის შემდეგ, პატრიკს დავეთანხმე. შევეცადე, კარგად გამეხსენებინა, რატომ არ მომწონს დენნა და მივხვდი, რომ შეიძლება, პატრიკი მართალია. შეიძლება იმას ვერ ვეგუები, რომ დენნა არ არის ჩვეულებრივი გოგო, არ არის მთავარი პერსონაჟის, ქვოს უბრალო დანამატი, სრულიად ცალკე დგას, თავისი ცხოვრება აქვს და როცა როგორ მოესურვება, ისე იქცევა. სულ ესაა რასაც ვერ ვპატიობთ? იქნებ მართლა იმდენად გამჯდარია ჩვენში გენდერული სტერეოტიპები, რომ მათგან ბოლომდე ვერ გავთავისუფლებულვართ ისინიც კი, ვისაც თავი ფემინისტებად და გენდერული თანასწორობის დამცველებად მოგვაქვს. მე ფემინისტი ვარ, მაგრამ მგონი ცოტა სექსისტიც ვარ და გენდერული სტერეოტიპებისგან სრულად ვერ გავთავისუფლებულვარ. გამახსენდა, რომ ორი წლის წინ ლიტერატურულ კონკურს “ინსომნიასთვის” დაწერილ მოთხრობაში ერთადერთი ქალი პერსონაჟი მყავდა – მთავარი პერსონაჟი კაცის მდივანი, რომლის წინადადებებიც”მობრძანდით, სერ!” და “რას ინებებთ, სერ!” ტიპის ფრაზებით შემოიფარგლებოდა. წერისას საერთოდ არ ვფიქრობდი, რომელი პერსონაჟისთვის რომელი სქესი უნდა მიმენიჭებინა, უბრალოდ ბუნებრივად მოხდა ასე, ჯერ კიდევ მძლავრად მაქვს გონებაში გამჯდარი მრავალი სტერეოტიპი და მათი დამარცხება არც ისე ადვილია, თუმცა არა – შეუძლებელი. ლიტერატურას კი შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ამაში. მეტი დენნა, მეტი ჰერმიონი და მეტი ქეთნისი გვჭირდება. აი, დენნამ და პატრიკმა მოახერხეს საკუთარ გონებაში ფარულად დაბუდებულ სტერეოტიპებზე დავფიქრებულიყავი.

ვისაც დენნა არ მოგწონთ, ნუ შემომიტევთ და ნუ მეტყვით, რომ “არაა, მაგიტომ კი არა, იმიტომ, რომ…” ასე და ასე. კი ბატონო, თუ დენნას არმოწონებაში სტერეოტიპების როლი ნულოვანია, გილოცავთ, თუმცა ერთხელ კიდევ დაფიქრდით, იქნებ…?

კარგი, გვეყოფა დენნაზე ლაპარაკი. “ქარის სახელის” საიუბილეო გამოცემაზეც გეტყვით ერთ-ორ სიტყვას. ულამაზესი რამეა და, რაც მთავარია, საკმაოდ გამოსადეგი და საინტერესო ჩანართები აქვს: რუკა, ვალუტის კურსი, კალენდარი, საკუთარი სახელების წარმოთქმის თავისებურებები და ა.შ. ავტორის ბოლოსიტყვაობა ცალკე შედევრია, ოდესმე ვთარგმნი.

იმ ოც წამში, სანამ პატრიკისგან ავტოგრაფს ვიღებდი, ცოტა გამოლაპარაკება მოვასწარი, ვუთხარი რომ მთარგმნელი ვარ და გამომცემლობის სახელით საქართველოშიც დავპატიჟე. ბოდიშის მოხდით მიპასუხა, პატარა ბავშვებით ვარ და შორ მანძილებზე მოგზაურობას ვერ ვახერხებო, მაგრამ არა უშავს. მარის რომ ეს ამბავი მოვუყევი, სწორად აღნიშნა, სანამ ეგ მესამე წიგნს დაამთავრებს, ის ბავშვები გაეზრდებიანო. ვინ იცის, იქნებ მესამე წიგნის ქართულ პრეზენტაციაზე ვიხილოთ კიდეც.

სულ ეს იყო. არა, სულ ეს არ იყო, კიდევ ბევრი წვრილმანი და საინტერესო ამბები მოგვიყვა, ბევრი გვაცინა, ცოტა გვატირა კიდეც (იმ შეხვედრამდე სულ რაღაც ერთი-ორი კვირით ადრე მამა გარდაეცვალა). ბოლოს ორასრაღაცა ადამიანისთვის ავტოგრაფის დარიგებასაც მორჩა და ბედნიერები დავიშალეთ. დილის რიგში დამეგობრებულები შევთანხმდით, რომ “ბრძენკაცის შიშის” ათი წლის იუბილეზეც (ოთხ წელიწადში უწევს) შევხვდებით ერთმანეთს იმავე ადგილას.

22850424_10105527726468650_1904675353_oIMG_20171009_193122.jpg

P.S. ეკრანიზაციის საკითხი წინ მიიწევს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრენჩაიზის პირველი პროდუქტი Showtime-ის ტელესერიალი იქნება, ოღონდ არა ქარის სახელის პირდაპირი ადაპტაცია. როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, სერიალი შეეხება მოხეტიალე მსახიობების წყვილს და მოგვითხრობს “ქარის სახელის” ამბებამდე ერთი თაობით ადრე განვითარებულ მოვლენებზე. ვინ იქნება ეს წყვილი, ქვოს მშობლები თუ ვინმე სხვა, უცნობია, თუმცა სერიალს ისეთი ხალხი პატრონობს ლინ-მანუელ მირანდას მეთაურობით, რომ შეგვიძლია მხოლოდ კარგის მოლოდინი გვქონდეს, მით უმეტეს, თავად პატრიკიც ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, სერიალის შექმნის პროცესში აქტიურადაა ჩართული, მირანდას კი გენიოსს უწოდებს და მთლიანად ენდობა. დაველოდოთ, სხვა რა დაგვრჩენია.

P.P.S. ამ პოსტის წერას თითქმის სამი კვირა მოვანდომე. გავლენა იგრძნობა.

 

Leave a comment