Never Mind

Bala's Blog

სიტყვა გათავისუფლებისა

leave a comment »


ურსულა კ. ლე გუინი

 

სად იმყოფებოდა? იატაკი მყარი და სლიკინა იყო, ჰაერი კი ბნელი და აყროლებული. ვერაფერს ხედავდა და ვერც ვერაფერს გრძნობდა, თავის ტკივილის გარდა. სველ იატაკზე გაშხლართულმა ფესტინმა დაიკვნესა და, როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– კვერთხი!

როდესაც ჯადოქარს მურყნისგან გამოთლილი კვერთხი ხელში არ ჩაუვარდა, მიხვდა, საფრთხეში ჩავარდნილიყო. წამოჯდა. რადგან კარგად გასანათებლად თავისი კვერთხი ხელთ არ ჰქონდა, ორი თითი გაატკაცუნა და რაღაც სიტყვა ჩაიბუტბუტა. ჰაერში გაჩენილი ნაპერწკალი ცისფრად მოციმციმე ბურთულად გადაიქცა და შიშინით უსუსურად აფარფატდა ჰაერში.

– ზემოთ! – ბრძანა ფესტინმა და ცეცხლის ბურთულამ ნელი ბიძგებით დაიწყო აღმასვლა, სანამ ძალიან მაღლა, გუმბათოვან ჭერში ამოჭრილი საძვრენი კარი არ გაანათა. ბურთულა ისეთ სიმაღლეზე ასულიყო, რომ გონებით მცირე ხნით მასში გადანაცვლებულმა ფესტინმა საკუთარი სახე ორმოცი ფუტით ქვემოთ ფერმკრთალ წერტილად დაინახა. სინათლეს კედლები არ ირეკლავდა – ისინი ჯადოქრობის მეშვეობით, ღამისგან იყო ნაშენები. საკუთარ სხეულს დაუბრუნდა და თქვა:

– მოშორდი.

ბურთულა გაქრა. ფესტინი წყვდიადში იჯდა და თითებს იტკაცუნებდა.

ალბათ მოულოდნელად, უკნიდან მოვლენილი შელოცვით დაატყვევეს; ბოლოს მხოლოდ ის ახსოვს, რომ საღამოს საკუთარ ტყეებში დასეირნობდა და ხეებს ესაუბრებოდა. ბოლო ხანებში, თავისი ეული ცხოვრების შუა წლებში, ძალების ფუჭად ხარჯვისა და ამაოების შეგრძნება დაეუფლა; მოთმინების სასწავლად სოფლები მიატოვა და ხეებთან საბაასოდ გაემგზავრა; განსაკუთრებით უყვარდა მუხები, წაბლები და ნაცარა მურყნები, რომელთა ფესვები მიწის სიღრმეში მორბენალ წყლებს სწვდება. ექვსი თვეა, ადამიანთან არ უსაუბრია. მხოლოდ ბუნებით იყო დაკავებული, არც შელოცვებს იყენებდა და არც არავის აწუხებდა. აბა, ვის დასჭირდა მისი დატყვევება და ამ აყროლებულ ჭაში გამოკეტვა?

– ვის? – ჰკითხა კედლებს. პასუხად კედლებზე სახელი თანდათან, ასო-ასო შეგროვდა და ქვემოთ ჩამოეწვეთა ქვებს შორის გამომძვრალი შავი წვეთის ან სოკოს სპორების მსგავსად:

– ვოლს.

წამიერად თავად ფესტინიც ცივ ოფლში გაიწურა.

პირველად ვოლ დაცემულის შესახებ მრავალი წლის წინ შეიტყო. როგორც ამბობდნენ, ვოლი ჯადოქრებზე აღმატებული და ამავდროულად ადამიანებზე დაბლა მდგომი იყო; გარე სარტყლის ერთი კუნძულიდან მეორეზე გადადიოდა და უძველესი ხალხის ნაშრომს ანადგურებდა, ადამიანებს იმონებდა, ტყეებს ჩეხავდა და მინდვრებს ძარცვავდა. ყველა ჯადოქარს და მაგს კი, რომელიც მასთან შებრძოლებას ბედავდა, მიწისქვეშა სამარხებში კეტავდა. დარბეული კუნძულებიდან გამოქცეულები ყოველთვის ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებოდნენ და ამბობდნენ, რომ ვოლი საღამოს, ზღვიდან მონაბერ ბნელ ქარებს მოჰყვა.

მონები გემებით უკან დაჰყვებოდნენ და მათი დანახვა შეიძლებოდა, თავად ვოლი კი არავის ენახა… კუნძულებს შორის ბოროტი განზრახვის არაერთი ადამიანი და არსება ბინადრობდა და ფესტინმა, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯადოსანი იყო და წვრთნა ჯერაც არ დაემთავრებინა, ვოლ დაცემულის ამბებს დიდი ყურადღება არ მიაქცია. თავისი ჯერაც გამოუცდელი ძალების იმედად იფიქრა, ამ კუნძულის დაცვა შემიძლიაო და მშვიდად დაუბრუნდა თავის მუხებსა და მურყნებს, მათ ფოთლებში მოშრიალე ქარის ხმას, მათი მრგვალი ვარჯის, ტოტებისა და შტოების ზრდის ხმას, ფოთლებზე ან ფესვების გარშემო ჩამდგარ წყალზე მოლიცლიცე მზის სინათლის გემოს. ახლა სად იყვნენ მისი ხეები, მისი ძველი თანამოსაუბრეები? ნუთუ ვოლმა ტყე გაანადგურა?

საბოლოოდ გამოფხიზლებულმა და ფეხზე წამომდგარმა ფესტინმა მტკიცე ხელები ფართოდ გაშალა და ის სახელი დაიყვირა, რომელსაც წესით ყველა საკეტი უნდა დაემსხვრია და კაცის შექმნილი ყველა კარი ფართოდ გაეღო. მაგრამ ეს კედლები ღამით იყო გაჟღენთილი და ამშენებლის სახელი შეუმჩნეველი, გაუგონარი დარჩა. სახელი უკან ექოდ დაბრუნდა და ფესტინის ყურებს ისეთი სიძლიერით ეკვეთა, რომ ჯადოქარი მუხლებზე დაეცა და თავზე ხელები შემოივლო, ვიდრე ექო საბოლოოდ არ მინავლდა მომრგვალებულ ჭერში. ასეთი მოულოდნელი უკუცემისგან გაოგნებული ფესტინი დაჯდა და ჩაფიქრდა.

მართალს ამბობდნენ – ვოლი ძლიერი იყო. აქ, მისსავე მიწაზე, შელოცვებით ნაშენებ დილეგში, ვოლის მაგია ნებისმიერ პირდაპირ შეტევას გაუძლებდა; ფესტინის ძალები კი ისედაც განახევრებულიყო კვერთხის დაკარგვის გამო. თუმცა, დამატყვევებელსაც კი არ შეეძლო ფესტინისთვის გადანაცვლებისა და გარდასახვის ძალები წაერთმია. ასე რომ, ახლა უკვე ორმაგად ატკივებული ხელები მოისრისა და გარდასახვას შეუდგა. მისი სხეული თანდათან თხელი ნისლის ღრუბლად აორთქლდა.

ნისლი ზოზინით მოსცილდა იატაკს და ლორწოვან კედლებს ჭერისკენ აუყვა, სანამ კედლისა და გუმბათის შეერთების ადგილას თმის ღერისოდენა ნაპრალს არ მიაგნო. ნაპრალში წვეთ-წვეთად ჟონვა დაიწყო. ის-ის იყო, გარეთ მთლიანად უნდა გაეღწია, რომ ნისლს ღუმელიდან დაბერილი ჰაერივით ცხელი ქარი ეტაკა, მისი უწვრილესი წვეთები დაფანტა და გამოაშრო. ნისლი სასწრაფოდ უკან, საკნისკენ შემობრუნდა, იატაკზე სპირალურად დაეშვა და მიწაზე გაშოტილი, აქოშინებული ფესტინის ფორმა მიიღო. გარდასახვა ფესტინისნაირი გულჩათხრობილი ჯადოსნებისთვის დიდი ემოციური დაძაბულობაა; როდესაც ამ დაძაბულობას გარდასახულ მდგომარეობაში სიკვდილის საშიშროება ემატება, განცდები უკვე საზარელ სახეს იღებს. ფესტინი მცირე ხანს იწვა და ძლივს სუნთქავდა. საკუთარ თავზეც ბრაზობდა. ახლა ხვდებოდა, რომ ნისლის სახით გაქცევა ძალზე გულუბრყვილო ჩანაფიქრი იყო. ეს ოინი ყველა სულელმა იცოდა. ვოლმა ალბათ ცხელი ქარი უბრალოდ დარაჯად დატოვა. ფესტინი პატარა ღამურად გარდაისახა, ჭერამდე აფრინდა, შემდეგ კვლავ გარდაიქმნა და ამჯერად უბრალოდ ჰაერის თხელი ნაკადის სახით კვლავ ნაპრალში შესრიალდა.

ამჯერად მეორე მხარეს თავისუფლად გააღწია და მსუბუქი ქროლვით დერეფანში დაეშვა, სადაც ფანჯრის პირდაპირ აღმოჩნდა. მოულოდნელად საშიშროების მკვეთრი წინათგრძნობა დაეუფლა და მყისიერად იმ პატარა და მყარ ფორმად გადაიქცა, რაც თავში პირველი მოუვიდა – ოქროს ბეჭედი. დროულიც იყო: მყინვარე ჰაერის ქარიშხალმა, რომელიც ფესტინის ჰაეროვან ფორმას შეუქცევად ქაოსად აქცევდა, ბეჭდის ფორმაში მყოფ ჯადოქარს მხოლოდ ოდნავი სიცივე მოჰგვარა. როდესაც ქარიშხალმა ჩაიარა, ეგდო მარმარილოს იატაკზე და ფიქრობდა, რისი ფორმა დაეხმარებოდა ფანჯრიდან ყველაზე სწრაფად გაქცევაში.

გორვა დაგვიანებით დაიწყო. ვეებერთელა, უმეტყველოსახიანი ტროლი მგრგვინავი ნაბიჯებით მოქანდა, შედგა, მკვირცხლად მგორავი ბეჭედი დაიჭირა და უზარმაზარ, კირქვისებურ ხელში მოიქცია. შემდეგ დილეგში ჩამავალ საძვრენ კართან მივიდა, რკინის სახელურითა და რაღაც შელოცვების ბუტბუტით გახსნა და ფესტინი წყვდიადში ჩააგდო. ორმოცფუტიანი ვარდნის შემდეგ იატაკზე წკრიალით დაეცა.

თავისი ბუნებრივი სახე მიიღო, წამოჯდა და უხალისოდ შეუდგა დალურჯებული იდაყვის ზელას. საკმარისი იყო ამდენი გარდასახვა ცარიელ კუჭზე. კიდევ უფრო დადარდიანდა კვერთხის დაკარგვის გამო – მისი მეშვეობით ახლა ნებისმიერი რაოდენობის სადილის მოხმობას შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ფორმის შეცვლა და ზოგიერთი შელოცვისა და ძალის გამოყენება შეეძლო, კვერთხის გარეშე სხვა, მატერიალური საგნების მოხმობა ან გარდასახვა არ ძალუძდა – არც ელვის და არც ბატკნის ბარკლის.

– მოთმინება, – შეუძახა ფესტინმა საკუთარ თავს და როდესაც სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა, საკუთარი სხეული ბატკნის მწვადის სურნელის მატარებელი აქროლადი ზეთების უთვალავ ნაწილაკად დაშალა და ნაპრალისკენ კიდევ ერთხელ გაემართა. დადარაჯებულმა ტროლმა იჭვნეულად დაიწყო ჰაერში დატრიალებული სურნელის ყნოსვა, მაგრამ ფესტინმა საკუთარი სხეული უკვე შევარდნად გარდასახა და ფრთების ტყლაშუნით პირდაპირ ფანჯრისკენ გაფრინდა. ტროლი გამოედევნა, მაგრამ რამდენიმე იარდით დააგვიანა და ქვის მოგუგუნე ხმით დაიღრიალა:

– ქორი, ქორი დაიჭირეთ!

მოჯადოებული ციხესიმაგრიდან გამოფრენილმა ფესტინმა დასავლეთისკენ, წყვდიადში ჩაფლული თავისი ტყისკენ აიღო გეზი; მზის შუქი და მოკაშკაშე ზღვა თვალებს უბრმავებდა, მაგრამ ქარს მაინც ისარივით მიაპობდა. თუმცა უფრო სწრაფმა ისარმა მაინც მიაგნო. ყვირილით დაეშვა ძირს. გარშემო მზე, ზღვა და კოშკები დაბზრიალდნენ და გაქრნენ.

 

ისევ დილეგის ნესტიან იატაკზე გაეღვიძა; ხელები, თმა და ტუჩები საკუთარი სისხლით დასველებოდა. ისარი შევარდნის სხეულს – ფრთაში, ადამიანის სხეულში კი მხარში გარჭობოდა. უძრავად მწოლიარემ ჭრილობის დასახური შელოცვა ჩაიბუტბუტა. ახლა უკვე შეეძლო, წამომჯდარიყო და განკურნების უფრო გრძელი და ღრმა შელოცვა გაეხსენებინა. მაგრამ ბლომად დაკარგა სისხლი და, მასთან ერთად, ენერგიაც. ფესტინის ძვლებში ისეთი სიცივე ჩამდგარიყო, რომ მათ გათბობას განკურნების შელოცვითაც ვერ მოახერხებდა. თვალებში ჩამდგარ სიბნელეს მოციმციმე ბურთულის გაჩენამ და აყროლებული ჰაერის განათებამაც ვერ უშველა: ფრენისას შემჩნეულ ისევ იმ ბნელ ბურუსს ხედავდა, რომელშიც მისი ტყე და მისი მიწების პატარა სოფლები გახვეულიყო.

იმ მიწების დაცვა მისი ვალი იყო.

პირდაპირ გაქცევას ვეღარ ცდიდა, ძალზე დაღლილი და დასუსტებული იყო. საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად ენდო და ძალა დაკარგა. ახლა უკვე რა ფორმაც უნდა მიეღო, ეს სისუსტე ბოლომდე გაჰყვებოდა და ისევ ხაფანგში აღმოჩნდებოდა.

სიცივისგან აკანკალებულმა და მობუზულმა სინათლის ბურთულას საშუალება მისცა, ჭაობის აირის კვამლის უკანასკნელი ბოლქვი გამოეშვა და ჩამქრალიყო. აირის სუნმა გონების თვალში ტყის კიდიდან ზღვამდე გადაჭიმული ჭაობები გაახსენა, მისი საყვარელი ადგილები, სადაც ადამიანები არ მოდიოდნენ, სადაც შემოდგომით გედები გრძელ და სწორ ხაზად მიფრინავდნენ, სადაც მშვიდ გუბეებსა და ლერწმის კუნძულებს შორის მკვირცხლი, მაგრამ ჩუმი ნაკადულები ზღვისკენ მიძვრებოდნენ. ეჰ, რას არ მისცემდა ამ ერთ-ერთ ნაკადულში მოცურავე თევზი რომ ყოფილიყო; ანდა კიდევ უკეთესი იქნებოდა, სადმე უფრო ზემოთ, წყაროებთან ახლოს, ტყეში, ხეების ჩრდილში, მურყნის ფესვებქვეშ დაგუბებულ წყალში შემალული რომ ისვენებდეს…

ეს დიადი მაგია იყო. ფესტინი ამ მაგიაში ისეთივე გამოუცდელი იყო, როგორც საფრთხეში მყოფი ან განდევნილი ადამიანი, რომელიც საკუთარი არემარის მიწა-წყალს ნატრობს და წარმოსახვაში ხედავს თავისი კარის ზღურბლს, სასადილო მაგიდას, საძინებლის ფანჯარასთან მოშრიალე ხის ტოტებს… უდიდესი ჯადოქრების გარდა, სხვები მხოლოდ სიზმარში აცნობიერებენ შინ დაბრუნების ამ დიდ მაგიას. მაგრამ ფესტინი, რომლის ძვლის ტვინიდან სიცივე ნერვებსა და ვენებს მიუყვებოდა, შავ კედლებს შორის ფეხზე წამოიმართა და მთელი თავისი ძალა მოიკრიბა, ვიდრე ამ ძალამ მის ხორცში ჩაბუდებული წყვდიადი არ გაანათა. ფესტინმა უდიდეს და ჩუმ მაგიაზე მუშაობა დაიწყო.

 

კედლები გაქრა. მიწაში იყო, ძვლები გრანიტის ლოდებმა შეცვალეს, სისხლი – მიწისქვეშა წყლებმა, ნერვები – მცენარეთა ფესვებმა. ნიადაგში ბრმა ჭიასავით, ნელა მიემართებოდა დასავლეთისკენ; წინაც და უკანაც მხოლოდ წყვდიადს ხედავდა. უეცრად ზურგისა და მუცლის გასწვრივ სიგრილის მხიარული, ენერგიული და მძლავრი მოალერსება იგრძნო. გვერდებით წყალს გემო გაუსინჯა და დინება შენიშნა; უქუთუთო თვალებით კი წინ, მურყნის დიდ, საყრდენ ფესვებს შორის ღრმა, ყავისფერი გუბე დაინახა. ჩრდილში ვერცხლისფრად მოელვარე სწრაფად გაეშურა მისკენ. გათავისუფლდა. შინ იყო.

სუფთა წყაროდან წყალი უხმაუროდ მოედინებოდა. გუბის ფსკერზე ქვიშაში იწვა და განკურნების ნებისმიერ შელოცვაზე ძლიერ გამდინარ წყალს საშუალებას აძლევდა, თავისი სიგრილით ჭრილობები დაეამებინა და მის სხეულში ჩაბუდებული დაუპატიჟებელი სიცივე გამოერეცხა. მაგრამ მოსვენებისას მიწის რყევა იგრძნო და ფეხების ბაკუნი შემოესმა. ვინ დააბიჯებდა მის ტყეში? იმდენად დაქანცული იყო, რომ გარდასახვა არც უცდია, საკუთარი მოციმციმე კალმახ-სხეულით მურყნის მორკალული ტოტის ქვეშ დაიმალა და დაელოდა.

წყალში უზარმაზარი, რუხი თითები აფათურდა და ქვიშა მოსინჯა. წყლის ზედაპირის ზემოთ მქრალად გამოჩნდა გაურკვეველი სახეები, რომელთა ცარიელი თვალები ჯერ ბუნდოვნად გაკრთნენ, შემდეგ გაქრნენ და ხელახლა გამოჩნდნენ. ბადეებმა და ხელებმა კვლავ დაიწყეს წყლის სინჯვა, ერთხელ ააცილეს, ვერც მეორედ მოიხელთეს, მაგრამ შემდეგ მაინც გამოიჭირეს და ჰაერში ფართხალით ასწიეს. წვალებით სცადა, საკუთარი ფორმა დაებრუნებინა, მაგრამ ვერ შეძლო; შინ დაბრუნების საკუთარმა შელოცვამ დაატყვევა. ბადეში იკლაკნებოდა, მშრალ, კაშკაშა, საშინელ ჰაერს ხარბად ყლაპავდა; იხრჩობოდა. აგონია ძლიერდებოდა, შემდეგ კი ყველაფერი გაქრა.

კარგა ხნის შემდეგ, ნელ-ნელა მოვიდა გონზე და გააცნობიერა, რომ ისევ თავისი ადამიანური ფორმა დაებრუნებინა; ყელში რაღაც მძაფრი, მჟავე გემოს სითხე ნაძალადევად ჩასდიოდა. ისევ გაითიშა და გონს მოსული ისევ დილეგის ნესტიან იატაკზე პირქვე გაშოტილი აღმოჩნდა. მტრის ძალაუფლების ქვეშ დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქავდა, სიკვდილთან საკმაოდ ახლოს იყო.

მთელ სხეულში სიცივეს გრძნობდა; თანაც, ვოლის მსახურმა ტროლებმა, ალბათ, კალმახის მყიფე ძვლები დაამსხვრიეს, რადგან გამოძრავებისას ფესტინს ნეკნები და ერთ-ერთი წინამხარი ჯოჯოხეთურად ეტკინა. ძვლებდამსხვრეული და ძალაგამოცლილი იწვა ბნელი სოროს ფსკერზე. ფორმის შესაცვლელად ძალა აღარ დარჩენოდა; გასასვლელად სხვა გზა აღარ არსებობდა, გარდა ერთისა.

უმოძრაოდ მწოლიარე, მთელ სხეულში ტკივილჩამდგარმა ფესტინმა ფიქრი დაიწყო: „რატომ არ მომკლა? აქ ცოცხლად გამომწყვდეულს რატომ მტოვებს?

რატომ არასდროს არავის უნახავს? რა თვალს შეუძლია მისი დანახვა, რა მიწაზე შეუძლიათ მის ფეხებს სიარული?

მიუხედავად იმისა, რომ ძალა აღარ დამრჩა, მას ჩემი ეშინია.

ამბობენ, რომ ყველა ჯადოქარი და ძლევამოსილი ადამიანი, რომელიც ვოლმა დაამარცხა, ასეთივე დალუქულ სამარხებში იმყოფება, წლიდან წლამდე სიცოცხლეს აგრძელებს და გათავისუფლებას ცდილობს…

მაგრამ რა მოხდება, თუ ვინმე სიკვდილს აირჩევს?“

ფესტინმა თავისი არჩევანი გააკეთა. ბოლოს გაიფიქრა, თუ აღმოჩნდა, რომ შევცდი, ხალხი ლაჩრად ჩამთვლისო. მაგრამ ამ ფიქრზე დიდხანს არ შეჩერებულა. თავი ოდნავ გადაატრიალა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ წარმოთქვამენ: სიტყვა გათავისუფლებისა.

ეს გარდასახვა არ იყო. ის არ შეცვლილა. მისი სხეული, გრძელი მკლავები და ფეხები, მისი ჭკვიანი ხელები, თვალები, რომლებსაც ხეებისა და ნაკადულების თვალიერება უყვარდათ – ყველაფერი უცვლელი იყო, მაგრამ სრულიად უმოძრაო და სიცივით სავსე. თუმცა კედლები გამქრალიყო. გაქრა ჯადოქრობით აშენებული დილეგები, ოთახები და კოშკები; ტყე, ზღვა და საღამოს ზეცაც. ყველაფერი გაუჩინარდა და ფესტინი ნელ-ნელა ახალი ვარსკვლავების ქვეშ, არსობის ბორცვის დამრეც ფერდობზე დაეშვა.

სიცოცხლეში მას დიდი ძალა ჰქონდა, რომელიც ახლაც არ დაუკარგავს. ფართო სამყაროს სიბნელეში სანთლის ალივით მოძრაობდა. თავისი მტრის სახელი გაიხსენა და დაიძახა:

– ვოლ!

ვოლი ძახილს წინ ვერ აღუდგა და ვარსკვლავების შუქზე მისი მკრთალი ფიგურა ფესტინისკენ გამოემართა. ფესტინი მიუახლოვდა და ვოლმა ისეთი ყვირილი ამოუშვა, თითქოს ცოცხლად წვავენო. გაიქცა და ფესტინიც კვალში დაედევნა. დიდი გზა განვლეს, გადაიარეს უსახელო ვარსკვლავებისკენ კონუსებად აღმართულ უზარმაზარ ჩამქრალ ვულკანებზე, მდუმარე ქედებზე, დაბალი, შავი ბალახის მდელოებზე; გადაიარეს ქალაქები და ჩაიარეს ამ ქალაქების ჩაბნელებულ ქუჩებში, სადაც ფანჯრებში ერთი სახეც კი არ მოჩანდა.

ვარსკვლავები ცაში იყვნენ გამოკიდებულნი; არც ერთი მათგანი ქრებოდა და არც ახლები ჩნდებოდნენ. აქ არაფერი იცვლებოდა. არასოდეს გათენდებოდა. მაგრამ ისინი მაინც გზას აგრძელებდნენ, ფესტინი მეორეს ყოველთვის უკან მიჰყვებოდა და დევნიდა; ბოლოს იმ ადგილს მიაღწიეს, სადაც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მდინარე იყო: ცოცხალი მიწებიდან მომდინარე მდინარე. დამშრალ კალაპოტში, კენჭებს შორის, გვამი ესვენა: შიშველი მოხუცი კაცი, რომლის ცარიელი თვალები მის სიკვდილში უდანაშაულო ვარსკვლავებს მისჩერებოდნენ.

– დაუბრუნდი, – დაიძახა ფესტინმა. ვოლ-ჩრდილმა დაიკრუსუნა, მაგრამ ფესტინი კიდევ უფრო მიუახლოვდა. ვოლი შეშინებული მოიკუნტა, დაიხარა და თავისი მკვდარი სხეულის პირში შეძვრა.

გვამი იმწამსვე გაქრა. ვარსკვლავების შუქზე ისევ ციმციმებდნენ მშრალი კენჭები, რომლებსაც არანაირი ნიშანი, არანაირი ლაქა არ ეტყობოდათ. ფესტინი ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, შემდეგ დიდ ლოდებს შორის დასასვენებლად ჩამოჯდა. დასასვენებლად და არა დასაძინებლად, რადგან ამიერიდან აქ უნდა იდარაჯოს იქამდე, ვიდრე საკუთარ საფლავში დაბრუნებული ვოლის სხეული მტვრად იქცევა, ბოროტი ძალა კი გაქრება, ქარის მიერ გაიფანტება და წვიმით ზღვისკენ ჩაირეცხება. უნდა იდარაჯოს აქ, ამ ადგილას, სადაც ერთ დროს სიკვდილმა სამყაროში დასაბრუნებელი გზა იპოვა. უსაზღვრო მოთმინებით აღვსილი ფესტინი ლოდებს შორის იცდიდა იქ, სადაც აღარასოდეს გაივლიდა მდინარე, ქვეყანაში, რომელსაც ზღვის ნაპირი არ გააჩნია. ფესტინის თავზემოთ უძრავად გამოკიდებულიყვნენ ვარსკვლავები; მათ შემყურეს ნელა, ძალიან ნელა, თანდათან ავიწყდებოდა ნაკადულების ჩუხჩუხისა და სიცოცხლის ტყეში ფოთლებზე მოწკაპუნე წვიმის ხმა.

1964

ვილა – თბილი სახლი ატლანტაში

leave a comment »


ამერიკაში რვა თვის განმავლობაში ცხოვრების პერიოდში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგაც არა ერთი საყვედური მიმიღია მეგობრებისგან, ბლოგზე უფრო აქტიურად რატომ არ წერ იქაურ ამბებსო. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი და ყველაზე ბანალური: სწავლის გამო სხვა რამეებისთვის ვერ ვიცლიდი, მცირე თავისუფალ დროს ვარჩევდი პინგ-პონგი მეთამაშა ან მეგობრებთან გამეტარებინა დრო. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ უბრალოდ მიჭირდა წერა. ბევრჯერ გადავწყვიტე რომ რეგულარულად მეწერა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჩემს მოგზაურობებზე, ამერიკის დადებით და ბნელ მხარეებზე და ა. შ. მაგრამ საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ახალ გარემოში, ახალ ხალხთან, ახალ-ახალ ადგილებში როცა ხვდები, იმ პერიოდში თავში სრული ქაოსი გაქვს, ემოციების სიტყვებით გადმოცემა ძნელდება და როცა წერას იწყებ, საჭირო სიტყვებს ვერ პოულობ. ახლა, როცა იქაურობა ჩემთვის წარსულს ჩაბარდა, ეს მოგონებები და ემოციები თითქოს გონებაში დაილექა, ყველაფერმა თავ-თავისი ადგილი იპოვა და მეც უფრო მიადვილდება მათი პოვნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა უფრო გამიადვილდება დავწერო ადგილზე, სადაც ვცხოვრობდი; დავწერო მოგზაურობებზე; დავწერო ქალაქზე, რომლიდან წამოსვლის შემდეგაც დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს; დავწერო სხვა ქალაქზეც, რომლის ქუჩებიც სიგარეტის ნამწვებითაა სავსე, მაგრამ მაინც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ამერიკული ქალაქია; დავწერო კიდევ ბევრი რამ, რისი დაწერაც იქიდან ვერ მოვახერხე.

ამჯერად მინდა იმ ადგილზე მოგიყვეთ, სადაც ატლანტაში ვცხოვრობდი. ჰოსტელის მსგავსი დაწესებულება, Villa International, ჩემი ამერიკული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და ბედნიერ ნაწილს წარმოადგენდა. თითქოს არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი ორსართულიანი შენობაა, რომელშიც 40-მდე ოთახია გაქირავებული, მაგრამ მაინც არის რაღაც განსაკუთრებულად დადებითი ამ ადგილში.

ვილაში არასოდეს ხარ მარტო, იმიტომ რომ სამზარეულო და სასადილო ოთახი საერთოა და დღეში მინიმუმ რამდენიმეჯერ მაინც შეხვდები ვილას სხვა მაცხოვრებლებს. ესენი კი არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრში ან ემორის უნივერსიტეტში მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სტუდენტები ან მკვლევარები: თეთრკანიანები და შავკანიანები, ქრისტიანები და მუსულმანები, ახალგაზრდები და არც ისე ახალგაზრდები… და ამ კონტრასტებით სავსე ადგილას სრული ჰარმონია სუფევს. მოცლილობის ჟამს ყველას შეუძლია საერთო ოთახში ბუხრის გვერდით წამოწვეს და იკითხოს, ითამაშოს პული (მაგიდა ოდნავ დახრილია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდით) ან პინგ პონგი (ჩოგნები არ გვიგარგოდა, მაგრამ არც ამას ვაქცევდით ყურადღებას). მოკლედ თავისუფალ დროს რელაქსაციისთვის ყველანაირი საშუალება არსებობს.

ვილას პერსონალიც განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი და გულისხმიერი ჰყავს. ვილას დირექტორია კამილა – ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც თავადაც ვილაში ცხოვრობს. ის არც ერთ დღესასწაულს არ გაატარებს ისე, ვილას ყველა მცხოვრებისთვის ვახშმის ორგანიზება რომ არ მოახდინოს. თუ ვილაში ცოტა დიდხანს ცხოვრობ და პირადად გიცნობს, შენი დაბადების დღეც არ გამოეპარება და ნაყინით და ტორტით აღნიშნავს. და რაც მთავარია, არც ერთი შაბათი დღე არ გაივლის ისე, დილით, სასადილო ოთახში ჩასულს, საერთო მაგიდაზე კამილას მომზადებული ტკბილეული რომ არ დაგხვდეს – ძირითადად, დარიჩინიანი ნამცხვარი ან შოკოლადის ნატეხებიანი პეჩენია. ორივე ისეთი უგემრიელესია, როგორიც სხვაგან არსად მიჭამია. და რაც მთავარია, ეს ტკბილეული ყოველთვის ყველასთვის სამყოფია.

დამლაგებელი ემა – აი ის, ამერიკაზე დაწერილ პირველ პოსტში რომ ვახსენე – ძალიან მხიარული ადამიანია, რომელსაც ისე ვერ ჩაუვლი გვერდით, გულმხურვალედ რომ არ ჩაგეხუტოს, მოგიკითხოს და დაწვრილებით გამოგკითხოს ამბები.

კრისტელს სამზარეულოში წესრიგის დამყარება ევალება. თუ კრისტელი მოდის და გეკითხება “May I ask you a question?”, რასაც მოსდევს შეკითხვა თუ რა ჭამე სადილზე (საუზმეზე, ლანჩზე), ეს ნიშნავს, რომ სამზარეულოში ჭურჭელი დაგრჩა გასარეცხი. არადა წესია ასეთია, ყველამ თავის ჭურჭელს უნდა მოუაროს.

ტომი  ვილაში ხანდახან დადის ხოლმე, კვირაში ერთ-ორჯერ. ის 84 წლისაა და ძალიან კეთილი ადამიანია. ვილაში ასეთი ტრადიცია არსებობს: თითქმის ყოველ საღამოს მანქანიან მოხალისეებს მსურველები მიჰყავთ სუპერმარკეტში სურსათის საყიდლად. სუპერმარკეტები ხომ აქ საკმაოდ მოშორებითაა და მანქანის გარეშე საკმაოდ დიდი წვალება გიწევს. ეს მოხალისეები ხან თავად ვილას თანამშრომლები არიან, ხან ყოფილი სტუმრები, ხან ვინ და ხან ვინ. ერთ დღესაც ტომის ჯერი იყო (ასაკის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ატარებს მანქანას). მეც ჩავეწერე წასვლის მსურველებში. ისე აღმოჩნდა, რომ სხვა არავინ მოდიოდა იმ დღეს, ასე რომ მე და ტომი ვეწვიეთ სუპერმარკეტ კროგერს. როგორც წესი, მთელი კვირის ან კიდევ უფრო მეტ სურსათს ვყიდულობდი ხოლმე. ახლაც გავავსე დიდი კალათა და სალაროს მივუახლოვდი. თავად ტომსაც ერთი-ორი რაღაც ჰქონდა ნაყიდი და სალაროსთან მელოდებოდა. შენსასაც მე ვიხდიო, სრულიად მოულოდნელად მითხრა. მე, რა თქმა უნდა, თავაზიანად ვცადე უარი მეთქვა, დიდი მადლობა, ძალიან ბევრია და როგორ გეკადრებათ-მეთქი და ა. შ. მაგრამ ბოლოს ისეთი მშვიდი სახით მითხრა, Shut up, kid-ო, რომ ხმა ვერ ამოვიღე. როგორც აღმოჩნდა, სულ 70 დოლარზე მეტის სურსათი მქონდა კალათაში. ეს ის პერიოდი იყო, საშემოდგომო არდადეგების მოგზაურობიდან ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, სტიპენდიამდე კიდევ ორი კვირა რომ იყო დარჩენილი, მე კი ანგარიშზე სულ რაღაც ასი დოლარი რომ მქონდა. მოკლედ, ტომმა იმ თვეში ხელმომჭირნედ ცხოვრებისგან მიხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მომიწია ტომთან ერთად საყიდლებზე წასვლა, ისევ იგივე გააკეთა  და კვლავ ვერაფერი გავაწყვე, კვლავ shut up, kid-ით გამაჩუმა. უკანა გზაზე თავისი ამბავიც მომიყვა მოკლედ: ტომი დიდი დეპრესიის დროს დაიბადა და მას და მის ტყუპ ძმას ბავშვობა მძიმე გაჭირვების პერიოდში გაუტარებიათ. ამის მიუხედავად, დედამისი ყოველთვის ასწავლიდა, ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთო. თურმე იმ საშინლად მძიმე პერიოდშიც კი ტომი, მისი ძმა და ოჯახის სხვა წევრები მუდმივად სხვებს ეხმარებოდნენ რითაც შეეძლოთ. მთელი ცხოვრება ასეთ ცხოვრებას ვარ მიჩვეული და სხვანაირად არ შემიძლიაო, ბოლოს დაამატა.

ვილას მაცხოვრებლებს შორის ძალიან ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე. გერმანელი მარკოსთან მეგობრობით მივხვდი, რა ბედნიერად ვიცხოვრებდი გერმანიაში. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ის მოდის სამსახურიდან, მე ვარ სახლში და სადღაც სხვაგან უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. მომდის სმს – 13 წუთში შევხვდეთ აქა და აქო. ზუსტად 13 წუთში მეც და ისიც დათქმულ ადგილას მივდივართ ისე, რომ არც ერთს ერთი წუთით ლოდინიც კი არ გვიწევს. კიდევ ერთი მეგობარი, იაპონელი ფუმი, დარწმუნებულია, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური ხალხია. ატლანტაში საკმაოდ დიდი ხანია რაც სწავლობს და მუშაობს. ამ პერიოდში ოთხ ქართველს იცნობდა და სულ ამბობდა, ოთხივე ისეთი პუნქტუალური და მოწესრიგებული ადამიანები ხართ, სხვა არც ერთი ეროვნების ხალხი რომ არ არისო. ვარწმუნებდი, შენ მხოლოდ გამონაკლისებთან მოგიწია ურთიერთობა-მეთქი, მაგრამ ვერ დავაჯერე.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ვილაზეც და ჩემს იქაურ მეგობრებზეც, მაგრამ ეს პოსტი ყველაფერს ვერ დაიტევს და ჯობს ამით დავამთავრო. ახლა უკვე იცით, სად უნდა დარჩეთ, თუკი ატლანტაში მოხვდებით და მცირე ან დიდი ხნით საცხოვრებელი ადგილი დაგჭირდებათ.

Written by Azazello

July 19, 2014 at 12:28

დამბლდორის არმია ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე კვლავ ერთიანდება  

leave a comment »


„დილის მისანის“ ჭორიკანა კორესპონდენტის, რიტა სკიტერის მიერ

თარგმნილი აღმოსავლეთ ევროპის ჯადოქარ ლინგვისტთა კავშირის მთარგმნელობითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკაკი მოსახლიშვილის მიერ

არსებობენ გამოჩენილი ადამიანები – და არსებობენ ნამდვილად გამოჩენილი ადამიანები. ჯადოსანთა სამყაროს უამრავი ცნობილი სახიდან ვის არ ნახავთ პატაგონიის უდაბნოში გამართულ ამ შეკრებაზე – მინისტრები და პრეზიდენტები, სელესტინა უორბექი, კამათის მიზეზად ქცეული ამერიკული ჯადოქრობის ჯგუფი „მოხრილფრთიანი სნიჩები“ – ნებისმიერი მათგანის გამოჩენა აღტაცების ქარბუქს იწვევს და ირგვლივ შეკრებილი ადამიანები მათი ავტოგრაფებისთვის არაფერზე იხევენ უკან; ზოგიერთმა ხიდის შელოცვასაც კი მიმართა, რათა ბრბოს თავზე გაევლო და ვი-აი-პი ლოჟამდე ასე მიეღწია.

მაგრამ როგორც კი ბანაკისა და სტადიონის ტერიტორიაზე ხმა გავარდა, რომ ჯადოქრების ერთი სახელგატეხილი ჯგუფი (ოდესღაც ბავშვურსახიანი, მაგრამ ახლა უკვე ასაკში შესული ცნობადი ყმაწვილები) მოვიდა ფინალზე დასასწრებად, აღტაცებამ არნახულ დონეს მიაღწია. ახალმოსულების შესახვედრად ბრბომ ერთხმად დაიხუვლა და გზად ბავშვებიც კი გადათელა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილმა ფანებმა იმ ადგილს მიაშურეს, სადაც, როგორც მოარული ხმები ამბობდნენ, დამბლდორის არმია იყო შემჩნეული; ყველა შეპყრობილი იყო იმ კაცისთვის თვალის მოკვრის სურვილით, რომელსაც ჯერ კიდევ რჩეულს ეძახდნენ.

პოტერების ოჯახი და დამბლდორის არმიის სხვა წევრები ბანაკის ვი-აი-პი ნაწილში დაასახლეს, რომელიც უთვალავი შელოცვითა და მოპატრულე ჯადოქრებით იყო დაცული. მათი აქ ყოფნის გამო  შემოფარგლულ არეს გარს ზღვა ხალხი შემორტყმოდა, რომელთაგან ყველას სურდა, საკუთარი გმირისთვის თვალი მაინც მოეკრა. შუადღის სამ საათზე მათი ოცნება ახდა. ხმამაღალი შეძახილების თანხლებით პოტერმა თავისი პატარა ვაჟები, ჯეიმსი და ალბუსი, მოთამაშეთათვის განკუთვნილ შენობაში წაიყვანა, სადაც ბულგარელ სიკერს, ვიქტორ კრამს გააცნო.

თითქმის ოცდათოთხმეტი წლის სახელგანთქმულ აურორს თმაში თითო-ოროლა ჭაღარა გამორევია, მაგრამ ისევ იმ მრგვალჩარჩოიან, მისთვის ჩვეულ სათვალეს ატარებს, რომელზეც ზოგი ამბობს, მოდას ჩამორჩენილ თორმეტი წლის ბავშვს უფრო შეეფერებაო. სახელგანთქმულ ელვისებურ იარას კამპანიას პოტერის მარჯვენა ყვრიმალზე გაჩენილი საშინელი ნაჭრილობევი უწევს. მისი წარმოშობის მიზეზების გასარკვევად დასმულ კითხვებზე მაგიის სამინისტრომ ჩვეული პასუხი შეგვაგება: როგორც უკვე 514-ჯერ გითხარით, მის სკიტერ, აურორთა დეპარტამენტის ზესაიდუმლო სამუშაოსთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთო. ნეტავ, რას მალავენ? ნუთუ რჩეული ისევ იდუმალ ამბებშია გახვეული, რომელიც ერთ დღეს გასკდება და ტერორისა და სისხლისღვრის ახალ ერაში ამოვყოფთ თავს?

იქნებ, ამ ნაჭრილობევს უფრო მოკრძალებული მიზეზი აქვს, რომლის დამალვასაც პოტერი გულმოდგინედ ცდილობს? იქნებ საკუთარმა ცოლმა დაწყევლა? იქნებ ბზარები გაჩნდა იმ ურთიერთობაში, რომელსაც პოტერები კვლავ ბედნიერად წარმოაჩენენ? რამეს ხომ არ მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მისი ცოლი, ჯინევრა, ძალზედ ბედნიერი იყო, როცა ქმარი და შვილები ლონდონში დატოვა, თავად კი ტურნირის რეპორტაჟის გასაკეთებლად გაემგზავრა? საკითხავია, რამდენად საკმარისია მისი გამოცდილება და ნიჭი ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისთვის (რასაკვირველია, არაა საკმარისი!). მაგრამ, სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, როცა გვარად პოტერი ხარ, შენთვის ყველა კარი ღიაა, საერთაშორისო სპორტული პირები ქედს გიხრიან და „დილის მისნის“ რედაქტორებიც სასურველ დავალებაზე გაგზავნიან.

თავგადაკლულ ფანებს ეხსომებათ, როგორ ეჯიბრებოდნენ პოტერი და კრამი ერთმანეთს შემდგომში განსჯის საგნად ქცეულ სამი ჯადოქრის ტურნირზე, მაგრამ აშკარაა, რომ მათ შორის არანაირი წყენა და ბოღმა არ დარჩენილა, რადგან შეხვედრისას ერთმანეთს მეგობრულად გადაეხვივნენ (სინამდვილეში რა მოხდა მაშინ იმ ლაბირინთში? მითქმა-მოთქმა ასეთი თბილი შეხვედრის შემდეგაც კი არ შეწყდება). ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ პოტერი და მისი ვაჟები ისევ საკუთარ ბანაკს დაუბრუნდნენ, სადაც გვიანობამდე დამბლდორის არმიის სხვა წევრების გვერდით ტრიალებდნენ.

მახლობელ კარავში პოტერის ორი უახლოესი მეგობარი ცხოვრობს, რომლებმაც ყველაფერი იციან მასზე, მაგრამ პრესასთან კრინტსაც არ ძრავენ. პოტერს უფრთხიან თუ ეს მათი საერთო საიდუმლოა, რომლის გაჟონვისა და იმ მითის დანგრევის ეშინიათ, თუ როგორ დამარცხდა ის-ვისი-სახელიც-არ-ითქმის? აწ უკვე შეუღლებული რონალდ უიზლი და ჰერმიონ გრეინჯერი მთელი თავგადასავლის განმავლობაში ჰარის გვერდიდან არ მოშორებიან. დამბლდორის არმიის დანარჩენი წევრების მსგავსად, ისინიც იბრძოდნენ ჰოგვორტსისთვის ბრძოლაში და, ეჭვგარეშეა, იმსახურებენ კიდევაც იმ ქებასა და ჯილდოებს, რომლებიც გამოჩენილი სიმამაცისათვის მიანიჭა ჯადოქართა მადლიერმა სამყარომ.

ბრძოლის დასრულებისთანავე უიზლიმ, რომლის ჟღალი თმაც საგრძნობლად შეთხელებულა, პოტერთან ერთად დაიწყო მაგიის სამინისტროში მუშაობა, მაგრამ ორი წლის შემდეგ წამოვიდა დაკავებული თანამდებობიდან, რათა თანახელმძღვანელობა გაეწია ძალიან წარმატებული უიზლების ჯადოქრული ოინების მაღაზიისთვის. მან თავად განაცხადა, „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემს ძმას, ჯორჯს, დახმარება გავუწიო იმ საქმეში, რომელიც ყოველთვის მიყვარდა“. ნუთუ ეს ნამდვილად ასე იყო? თუ პოტერის ჩრდილში ყოფნის გამო მოთმინების ფიალა აევსო? აურორთა დეპარტამენტში მუშაობა მეტისმეტი ტვირთი ხომ არ იყო კაცისთვის, რომელმაც ერთხელ თავად აღიარა, ვისი-სახელიც-არ-ითქმის კუთვნილი ჰორკრუქსების განადგურებამ დიდი დაღი დამასვაო? ერთი შეხედვით, სულიერი სიძაბუნისა არაფერი ეტყობა, მაგრამ საზოგადოებას საკმარისად ახლოს არ უშვებს და ზუსტი დასკვნის გაკეთება რთულია. ნუთუ ეს საეჭვო არაა?

ჰერმიონ გრეინჯერი მუდამ ჯგუფის საბედისწერო ქალი იყო. პრესა იტყობინება, რომ თინეიჯერობისას, ვიდრე ვიქტორ კრამის დაკუნთული სხეული აცდუნებდა, ჰერმიონ გრეინჯერი ჰარის გრძნობებზე თამაშობდა, საბოლოოდ კი პოტერის ერთგულ თანამებრძოლზე შეაჩერა არჩევანი. სამინისტროს მაგიური კანონების გამოყენების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობამდე უეცარი დაწინაურების შემდეგ ჰერმიონს უწინასწარმეტყველებენ კიდევ უფრო შორს წასვლას. ის ასევე გახლავთ ვაჟის, ჰუგოსა და გოგონას, როუზის დედა. ამტკიცებს თუ არა ჰერმიონ გრეინჯერის მაგალითი, რომ ჯადოქარმა ქალმა შეიძლება ყველაფერს მიაღწიოს? (არა! თუნდაც მის თმას შეხედეთ!).

შემდეგ მოდიან დამბლდორის არმიის ის წევრები, რომლებიც საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩანან და ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე პოტერი, უიზლი და გრეინჯერი. (ხომ არ შურთ? რა თქმა უნდა!). ნევილ ლონგბოტომი, რომელიც ახლა ჰოგვორთსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლაში ჰერბოლოგიის სახელგანთქმული მასწავლებელია, პატაგონიაში ცოლთან, ჰანასთან ერთადაა ჩამოსული. ბოლო დრომდე წყვილი ლონდონში, „გახვრეტილ კარდალასთან“ ცხოვრობდა, მაგრამ ჭორები დადის, რომ ჰანა მხოლოდ მკურნალად კი არ გადამზადდა, არამედ ჰოგვორთსის სამნეო ნაწილის გამგის პოზიციაზე გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მოცლილი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ის და მისი ქმარი იმაზე მეტ ოუგდენის დაძველებულ ცეცხლავისკის მიირთმევენ, ვიდრე ეს ჩვენი შვილების დამცველებისგანაა მოსალოდნელი. თუმცაღა ჩვენ, რასაკვირველია, წარმატებას ვუსურვებთ მას სამნეო ნაწილში გადასვლის საქმეში.

დამბლდორის არმიის კიდევ ერთი მოთავე, რათქმა უნდა, ლუნა ლავგუდია (იგი გამოჩენილი მაგიზოოლოგის, ნიუტ სკამანდერის შავტუხა შვილიშვილზე, როლფზე დაქორწინდა). კვლავ აღმაფრთოვანებლად ექსცენტრული ლუნა ჩემპიონატში მონაწილე თექვსმეტივე ქვეყნის დროშების ფერებში გაწყობილი მოსასხამით მთელ ვი-აი-პი ნაწილში დაიარებოდა. როგორც განგვიცხადა, მისი ტყუპი ვაჟი „შინ დატოვა, ბაბუასთან“. ეს „ხალხში გამოსაჩენად არ გამოდგებიან“-ის ევფემიზმი ხომ არაა? რა თქმა უნდა, ამ აზრს ყველაზე უკეთურნი თუ გაივლებენ თავში.

აქაა არმიის უამრავი სხვა წევრიც, მაგრამ ეს ექვსი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თუ სადმე წითური თავი გაიელვებს, მაშინვე მიხვდებით, რომ იქ უიზლიც ტრიალებს, ოღონდ რომელი, ეს ძნელი გასარკვევია: ჯორჯი (შეძლებული თანამმართველი უიზლების ჯადოქრული ოინების მაღაზიისა), ჩარლი (რატომაა დრაკონთა მომთვინიერებელი ჯერ კიდევ უცოლო?) თუ პერსი (მაგიური ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე – ფლუ ქსელი თუ მეტისმეტად გადატვირთულია, სწორედ მისი ბრალია). ყველაზე იოლად საცნობი ბილია, საბრალო ბილი, რომელსაც მაქციასთან ახლო შეხვედრამ თავისი იარები დაამჩნია, და მიუხედავად დასერილი კანისა, მაინც მოახერხა უდავოდ მშვენიერ ფლერ დელაკურზე დაქორწინება. (როგორ? მოჯადოებით? სიყვარულის ელექსირით? დაშანტაჟებით? მოტაცებით?..)

ამბობენ, რომ დამბლდორის არმიის სხვა წევრების ნახვის ბედნიერებაც გვექნება ფინალურ მატჩზე. ვი-აი-პი ლოჟაში მოთავსებული საპატიო სტუმრები ამ დიდ მოვლენას განსაკუთრებულ გლამურსა და ბრწყინვალებას შემატებენ. იმედი დავიტოვოთ, რომ ორი ახალგაზრდა თანმხლები არ შეარცხვენს მათ და ქარს არ გაატანს იმ დიდებას, რომელიც სხვებმა მოუტანეს ჯადოქრის სახელს.

ახალგაზრდა ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევა ყოველთვის საყოყმანოა, მაგრამ ფაქტია, რომ პოტერთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს თავისი წილი დიდება ერგება და საზოგადოების ინტერესს ამ დიდების საფასური უნდა გადაუხადოს. რა თქმა უნდა, პოტერი დამწუხრდება იმის გაგებით, რომ მისი თექვსმეტი წლის ნათლული, ტედი ლუპინი – აწოწილი ნახევარმაქცია ღია ლურჯი თმით – ბანაკში მოხვედრიდან მოყოლებული ჯადოქრების დიდებული ოჯახის წარმომადგენელისთვის შეუფერებლად იქცევა. მეტისმეტი იქნებოდა მუდამ დაკავებული პოტერისთვის იმის მოთხოვნა, მეტი სიმკაცრე გამოეჩინა და ყურადღება მიექცია ამ ველური ბიჭისთვის, რომლის მეურვეობაც მას ბიჭის მომაკვდავმა მშბლებმა ჩააბარეს, მაგრამ შეიძლება შიშისგან გაგაჟრჟოლოთ იმის გაფიქრებაზე, რაც ბატონმა ლუპინმა მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება გააკეთოს. იმავდროულად, მისტერ და მისის უიზლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მშვენიერი, ქერა გოგონა ვიქტუარი ზუსტად იმ ბნელ კუთხეებს ეტანება, სადაც ბატონი ლუპინი დაძრწის. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ორივე მათგანმა ყურებით სუნთქვის მეთოდს მიაკვლია. სხვაგვარად ვერაფრით ვხსნი, რომ ცოცხლად რჩებიან „ზასაობის“ (ყოველ შემთხვევაში, ჩემს ახალგაზრდობაში ასე ერქვა ამ ქმედებას) ხანგრძლივი პერიოდების შემდეგ.

მაგრამ მეტისმეტად მკაცრადაც ნუ განვსჯით. ჰარი პოტერსა და მისი რაზმის არცერთ წევრს არასდროს უთქვამს, რომ სრულყოფილნი არიან! ხოლო მათთვის, ვისაც სურს, გაიგოს, რამდენად შორს არიან ისინი სრულყოფილებისგან, ჩემი ახალი ბიოგრაფია: „დამბლდორის არმია – არმიის ბნელი მხარე“, ხელმისაწვდომი იქნება ოცდათერთმეტი ივლისიდან, ფლორიშისა და ბლოტსის მაღაზიაში.

როჯერი და დედლაინი

leave a comment »


“დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო”
გონიერი ანდაზა

თქვენი არ ვიცი, მაგრამ სიტყვა “დედლაინის” გაგონებისას ან ხსენებისას, მომენტალურად მეცვლება განწყობა: ხან სევდიანი, ხანაც აგრესიული ვხდები. მართალია ბოლო 9 წელი (სკოლის 11 წელს თუ არ ჩავთვლით) გადაბმულად ვსწავლობ და დედლაინები უცხო არასოდეს ყოფილა ჩემთვის, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისინი ჩემი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრებად იქცნენ და ყოველკვირეულად რამდენიმე მათგანთან მიწევს გამკლავება.

მაინც რა არის დედლაინი? უბრალო ხალხის სატანჯველად მოგონილი ეშმაკის მანქანა, თუ ჩვენს დასახმარებლად შექმნილი ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც პროდუქტიული მუშაობა წარმოუდგენელია? ალბათ ერთიც და მეორეც. რაღაც მაგიური ძალა რომ აქვს, ამას საკუთარ თავზე და ბევრ ჩემ მეგობარზე დაკვირვების შედეგად მივხვდი: რაც უფრო შორსაა დედლაინი ჩვენგან, მით უფრო დაბალია ჩვენი შრომის ნაყოფიერება და მაღალია ფეისბუქზე გატარებული დროის ხანგრძლივობა. დედლაინის მოახლოებასთან ერთად კი პირველი იზრდება, მეორე მცირდება. აი, დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ჩემი ტვინი ისეთი სისწრაფით, სიზუსტით და გამაოგნებელი პროდუქტიულობით იწყებს ხოლმე მუშაობას, რომ ჩემი თავითვე ვარ აღფრთოვანებული. მაგრამ რატომ, ნუთუ არ შეიძლება რომ დროის უფრო რაციონალურად გადანაწილება ვისწავლოთ, ერთი თვით ადრე მოცემული დავალების წერა ერთი თვით ადრევე დავიწყოთ და ბოლო ღამე არ გაგვიხდეს გასათენებელი?…

ამბავი 1
ზუსტად აღარ მახსოვს, გვიანი 90-იანები იყო თუ ადრეული 2000-იანები, რუსთავი 2-მა რომ უიმბლდონის მატჩების ჩვენება დაიწყო. მანამდე ჩოგბურთის მთლიანი თამაშით კი არა, რაიმე მიმოხილვითაც კი იშვიათად დავინტერესდებოდი ხოლმე. თუმცა ამჯერად რამდენიმე თამაშს ვუყურე, ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ ფეხბურთის შემდეგ ჩემი საყვარელი სპორტი გახდა. გამორჩეული ფავორიტი არავინ მყავდა მაშინ, თუმცა ერთ-ერთი თამაში ძალიან დამამახსოვრდა: მაშინ ნაკლებად ცნობილი და რეიტინგის არამოწინავე პოზიციებზე მყოფი როჯერ ფედერერი ვიღაცას ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ უნებლიე შეცდომას უშვებდა და თამაშიც წააგო, მაინც იყო მის თამაშში რაღაც ისეთი, რამაც გადამაწყვეტინა – აი, ესაა ჩემი საყვარელი ჩოგბურთელი მეთქი. მას შემდეგ კაი ხანი გავიდა, სანამ კიდევ წავაწყდებოდი მის თამაშს, მაგრამ მერე სულ უფრო ხშირად მესმოდა მისი სახელი, მალე ნომერი პირველიც გახდა და ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელიც. მცირედი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი ხოლმე – სანამ ნაკლებად ცნობილი იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვგულშემატკივრობდი-მეთქი.

ამბავი 2
ატლანტაში დაბრუნებისთანავე, იანვარში, საგაზაფხულო მოგზაურობები დავგეგმე. არდადეგებზე, მარტში, 10 დღე ამერიკის დასავლეთში გავატარე, იქიდან დაბრუნებიდან 4 დღეში, ოთხშაბათს ღამე, მე და ჩემ მეგობრებს მაიამიში წასვლა გვქონდა დაგეგმილი. ამ ორ მოგზაურობას შორის კი – შუალედური გამოცდების დაუნდობელი რამდენიმე დღე.
ამ შუალედური გამოცდებიდან უმეტესობა სახლში დასაწერი და იმეილით გასაგზავნი იყო. ერთ-ერთის დედლაინი კი ორშაბათს, ანუ ჩემი პირველი მოგზაურობიდან დაბრუნებიდან 1 დღეში იყო. მართალია ეს გამოცდა არდადეგების დაწყებამდე 5 დღით ადრე დააგზავნა ბატონმა ბრუსმა, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი შორეული დედლაინის უუნარობამ – კალიფორნიაში წასვლის წინა საღამოს ისევ არაფერი მქონდა დაწერილი. მორიდებული წერილი მივწერე ლექტორს, ძალიან გამიჭირდება მაგ დროს ჩაბარება და თუ შეიძლება რომ მოგვიანებით გამოგიგზავნოთ მეთქი. მან კი, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი ჯგუფისთვის გადაწია დედლაინი პარასკევამდე. სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, ვერაფერს იტყვი. დამშვიდებული გავეშურე კალიფორნიისკენ. დაბრუნების შემდეგ ის ოთხი დღე მაქსიმალურად ვეცადე ყველაფერი მომესწრო. სამი თითქმის სრულად გათენებული ღამის წყალობით ყველა დავალებისა და შუალედური გამოცდის დაწერა შევძელი… იმ ერთის გარდა, დედლაინი რომ პარასკევს მქონდა. თავს ზემოთ ძალა არ იყო და იძულებული გავხდი, ლეპტოპი მაიამიში წამეღო და იქ დამესრულებინა.

ამბავი 3
და აი, ხუთშაბათს დილით შედის ავტობუსი მაიამიში და პირველი, რაც თვალში მხვდება, არის უზარმაზარი ბილბორდი: “Sony Open” – ATP მასტერსის ტურნირი მაიამიში, რომელიც არც კი ვიცოდი, თუ იმ პერიოდში ტარდებოდა. ფედერერი პარასკევს დილით თამაშობდა, ნადალი – შაბათს. ხუთშაბათს ღამე ფაქტობრივად თავი დავაკალი იმ დავალებას, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. არ გამოდგა ერთი ღამე საკმარისი. პარასკევს დილით გავაგრძელე წერა, ისევ არა და არ დამთავრდა. როჯერის თამაშის დრო ახლოვდებოდა. თამაშზე არ წასვლა ფედერერის ნახვის, სავარაუდოდ, ბოლო, შანსის დაკარგვას ნიშნავდა, წასვლა კი – იმ ლექტორის გადაგდებას, რომელმაც ჩემ გამო მთელი ჯგუფისთვის გადაწია დედლაინი. საბოლოოდ ჩემში “კარგმა სტუდენტმა” და ნადალის ფანი მეგობრების თხოვნა/მოთხოვნამ გადაწონა, დავალების დამთავრება გადავწყვიტე და დავამთავრე კიდეც. ჩოგბურთზე მომდევნო დღეს წავედით, ნადალის თამაში და შარაპოვას ფეხები ვნახე და ორივემ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინები.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა დედლაინის ბოლო საღამოსთვის შემოტოვებული საქმის გამო მოულოდნელად გამოჩენილი “პონტის გამაზვა” მიწევს, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული იყო. მკაცრი გადაწყვეტილება მივიღე: არასდროს აღარ შემოვიტოვებ საქმეს ბოლო საღამომდე, მოცემული დავალების წერას იმავე საღამოს დავიწყებ, გადავანაწილებ საქმეს ისე, რომ ღამეების თენება არ მომიწიოს, ბლა ბლა ბლა…

ახლა ღამის პირველი საათია და სულ არ იყო ამ პოსტის წერის დრო, დილამდე ერთი დავალება მაქვს დასამთავრებელი.

Written by Azazello

April 29, 2014 at 00:05

ბატონი ნოემბერი

leave a comment »


“ღმერთმა შექმნა The National, რათა ჩვენ კვლავ გვეწამა ღმერთი”

– მებო ნუცუბიძე

“ღმერთმა შექმნა ფეისბუქი, რომ მე მებოს ეს სტატუსი წამეკითხა”

– მე

ატლანტაში რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი და როცა ცოტა დავლაგდი, ძირითადი ფორმალური საკითხები მოვაგვარე და თავისუფალი დროც გამომიჩნდა, გუგლისთვის მოვიცალე: “events in Atlanta”  და ჰოი, საოცრებავ, ქილერსი, აქვე, ატლანტას გარეუბანში, 2 დღეში!!! და კიდევ უფრო საოცრება, ბილეთები ჯერ კიდევ არის… მაგრამ ქილერსის ამბავი უკვე მოვყევი და ამ ამბის მეორე გაგრძელებას მოგიყვებით ახლა… ხოდა, ჰოი საოცრებავ, The National, აქვე, ატლანტაში, სამ კვირაში… და არც ერთი თავისუფალი ბილეთი დარჩენილი…

Ticketmaster-ის რჩევას, ხშირ-ხშირად შეამოწმეთ, შეიძლება ვინმემ ბილეთის შეძენა გააუქმოს და შეძლოთ ყიდვაო, მორჩილად მივყვებოდი რამდენიმე დღე, თუმცა უშედეგოდ. მერე თანდათან გადამავიწყდა… მაგრამ მებოს ზემოთნახსენებმა ფეისბუქ-სტატუსმა კვლავ გამახსენა და ერთ-ერთი ხელახალი შემოწმებისას… ბინგოოო…  ზუსტად ერთი თავისუფალი ბილეთი აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა უყოყმანოდ ვიყიდე და მშვიდად დავიწყე 9 სექტემბრის ლოდინი.

დიდი ხანი არ არის რაც ამ ბენდს ვიცნობ. მგონი ერთ წელზე ნაკლებია გასული, მეგობარმა რომ პირველად მათი სიმღერა მომასმენინა. მათი მოსმენა მეორედ რამდენიმე დღეში მომიწია, როდესაც მუსიკალურ-ინტელექტუალურ თამაშ “მელომანში” ჩემი გუნდი კინაღამ დამარცხდა მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის ვერგამოცნობის გამო (ახლაც ვერ ვხვდები, 6-დან როგორ  არ ვიცოდით არც ერთმა 🙂 ). მას მერე უფრო საფუძვლიანად დავიწყე მათი მოსმენა.

მოკლე ცნობები მათთვის  ვინც ამ ბენდს ჯერ არ იცნობს: The National 1999 წელს დაარსდა. ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება: ვოკალისტი მეტ ბერნინგერი, ტყუპი ძმები აარონ და ბრაის დესნერები და ძმები ბრაიან და სკოტ დევენდორფები. პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურები არიან. ბოლო ორ არჩევნებში ობამას პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ და მისი მხარდამჭერი რამდენიმე კონცერტიც გამართეს. ზემოთნახსენები სიმღერა კი, ექვსიდან არც ერთმა რომ არ ვიცოდით, ობამას სარეკლამო ვიდეოს მუსიკალურ ფონად ადევს. თუმცა, ამ ჯგუფს გამორჩეულს არა პოლიტიკური აქტიურობა, არამედ ჯგუფის ვოკალისტის გამაოგნებელი ხმაა.  მეტ ბერნინგერის ბარიტონს ერთხელ თუ მოისმენ, შეუძლებელია არ მოგინდეს მისი სხვა სიმღერების მოსმენა. თუნდაც ეს სიმღერა რად ღირს.

9 სექტემბერიც მოვიდა და გავუყევი ისევ გრძელ გზას. ქილერსის მსგავსად, ეს კონცერტიც საკმაოდ შორს იყო ჩემგან, დაახლოებით 15 მილში. ატლანტა კი სხვადასხვა რეიტინგში ტყუილად არ არის მოხსენიებული, როგორც ამერიკაში ყველაზე ცუდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მქონე ქალაქი.  ამ 15 მილის გასავლელად ზუსტად 3 ტრანსპორტი და თითქმის 3 საათი დამჭირდა. კინაღამ დავაგვიანე, რომ მივედი დაწყებამდე 40-იოდე წუთი იყო დარჩენილი.

თუ გქონიათ მომენტი, როდესაც რაღაც კარგი მოვლენა მოხდება, დამთავრდება და დამთავრების წუთიდან იმაზე იწყებ ფიქრს, კიდევ განმეორდება თუ არა ოდესმე? თან რომ იცი, დიდი შანსია აღარასოდეს განმეორდეს, მაგრამ მაინც იმედს იტოვებ, იქნებ კიდევ, ოდესმე, სადმე… კონცერტიდან გამოსვლისთანავე ერთადერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ნეტავ ოდესმე სტამბოლში, თბილისში ან სადმე ჩემთვის ხელმისაწვდომ ქალაქში თუ ჩამოვლენ-მეთქი. სხვა რამეზე ვერც ვიფიქრებდი, იმიტომ რომ კონცერტი იყო… არ ვიცი, თავად კონცერტზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ და რა ვქნა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ასეთი სიმღერები, მაყურებელი რომ სკამებიდან წამოყარა (და რომელიც აღარც დამჯდარა მთელი კონცერტის მანძილზე) და ასეთები, მელანქოლიურ განწყობაზე რომ დაგაყენებს და შეიძლება ტირილამდე მიგიყვანოს. საღამოს კულმინაცია კი Mr. November იყო, რომლის დროსაც მეტმა მთელი დარბაზი შემოიარა.

ასე იყო ეს ამბავი. იმედია ცოტათი მაინც გადმოვეცი ჩემი აღფრთოვანება და ცოტათი მაინც გახდა თქვენთვის გასაგები, რატომ ვუხდი დიდ მადლობას მებოს,  ღმერთს და მარკ ცუკერბერგს, ასევე იმ მეგობარს, პირველად რომ ეს სიმღერა მომასმენინა

Written by Azazello

September 19, 2013 at 11:04

ბევრი ეპიდემიოლოგია, ბევრი ბიოსტატისტიკა და ცოტა მუსიკა

with 2 comments


ჩემი ჩამოსვლიდან ზუსტად ერთი თვე და ერთი დღე გავიდა. საკმაოდ სწრაფად. დარჩა სამი თვე და 16 დღე.

სწავლა დაიწყო და ბლოგსაც დაეტყო ეს ამბავი. რა ჩემი ბრალია, სწავლის დაწყებასთან ერთად, სამუშაომ და სამეცადინომ იმატა, ხოლო საინტერესო ამბებმა – პირიქით. მაგრამ ცოტაოდენი მაინც დაგროვდა მოსაყოლი. მოდით ამ პოსტში აქაურ ლექციებზე მოვყვები მოკლედ. ჩემს სჯმ (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი) მეგობრებს უფრო დააინტერესებთ.

საიდან დავიწყო არ ვიცი, ალბათ ჯობს ჩემს განრიგს მივყვე და კვირის დღეების მიხედვით გაგაცნოთ ჩემი ლექციები და პროფესორები.

ორშაბათი:  ერთი ლექცია, (ყველა ლექცია საათი და 50 წუთი გრძელდება) პირველ საათზე. საგანი, რომელსაც გრძელი სახელი Analytic Methods for Clinical and translational Research ჰქვია, თუმცა მარტივად შეგვიძლია ეპიდემიოლოგია ვუწოდოთ. სიმართლე რომ ვთქვა, ჯერჯერობით ძირითადად ისევ იმ მასალას გავდივარ, რაც უკვე ნასწავლი მაქვს მაგისტრატურაში, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით და უფრო ღრმად. ლექტორი, ბატონი მიჩ კლაინი ეპიდემიოლოგიის სოკრატეა, ისეთ რაღაცეებზე გაიძულებს იფიქრო, რაზეც მანამდე არ გიფიქრია, ხანდახან თავი მტკივდება ხოლმე. მოკლედ, ეს კლასი არის რაღაც შუალედური ეპიდემიოლოგიასა და ფილოსოფიას შორის. ალბათ ძნელი წარმოსადგენია რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ორს, მაგრამ დამიჯერეთ, აქვს.

სამშაბათი: ყველაზე მძიმე დღე, რადგან 3 ლექცია მაქვს და პირველი 8 საათზე იწყება.

8 საათი: სგგდ/აივ ეპიდემიოლოგია და დინამიკა, ენ სპოლდინგთან და სხვა მრავალ მოწვეულ ლექტორთან ერთად. ეს მრავალნი ძირითადად CDC-დან ან ჯორჯიის ჯანმრთელობის დეპარტამენტიდან არიან და საკუთარ გამოცდილებას (გა)გვიზიარებენ.

10 საათი: ჩემი ფავორიტი კლასი, Case Studies in Infectious Diseases ჯონ მაკგოუენთან ერთად. ეს არის საგანი ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის შესახებ, მაგრამ სწავლების სისტემაა განსაკუთრებული. საშინაო დავალებებად მოსაწყენი ტექსტების კითხვის ნაცვლად რაიმე ერთი ეპიდაფეთქების შემთხვევა გვაქვს მოცემული, კვირაში ერთი ასეთი. ამ შემთხვევის კვლევაში სტუდენტის მიზანია დაადგინოს ეპიდაფეთქების მიზეზი, ისეთი ჩამთრევი და დამაინტრიგებელი საქმეა, თავს ნამდვილ შერლოკ ჰოლმსად წარმოიდგენ ადამიანი და იმ მოსაწყენ წიგნებსაც დიდი ინტერესით კითხულობ, იქნებ როგორმე მიაგნო მიზეზს, წიგნში იპოვო ის დაავადება, რომელიც შენს დავალებაში აღწერილს ძალიან ჰგაქვს. ამ კვირაში ვცდილობთ დავადგინოთ რამ გამოიწვია ხალხის მოწამვლა რომელიღაც Outdoor Music Festival-ზე. სალმონელაზე ან შიგელაზე მაქვს ეჭვი და ვნახოთ 🙂

13 საათი: ბიოსტატისტიკა აზარ ნიზამთან ერთად. ჯერ მხოლოდ ალბათობაზე ვარ, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს.

ოთხშაბათი:

13 საათი: ისევ მიჩ კლაინის ეპიდემიოლოგიურ-ფილოსოფიური კლასი

15 საათი: ისევ აზარ ნიზამი, ამჯერად სტატისტიკურ პროგრამა SAS-თან ერთად.

ხუთშაბათი:

13 საათი: ისევ აზარ ნიზამი კვლავ ბიოსტატისტიკით.

ყველა საგნით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმდენად კარგებია, რომ არც კი ველოდი.  საინტერესო ისაა, რომ ზოგჯერ ლექტორები შუალედში არც გვასვენებენ, მაგრამ ის ორი საათი ისე სწრაფად გადის, რომ დაღლას ვერც გრძნობ თითქოს. ალბათ ლექტორების პროფესიონალიზმი ამაშიც გამოიხატება. ყველას კარგად ეხერხება ხუმრობა და ზუსტად იციან, როდის იხუმრონ აუდიტორიის გამოსაფხიზლებლად. ხანდახან მგონია, რომ აქ ლექტორობის დაწყებამდე იუმორის გამოცდას აბარებინებენ ხალხს და მარტო იმათ იღებენ, ვინც წარმატებით გადალახავს 🙂 ან შეიძლება, მე გამიმართლა და საგნები სწორად შევარჩიე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ერთ კოლეგა-მეგობარს 🙂

მოკლედ, ასეთია ჩემი, ლექციებით არც ისე დატვირთული, მაგრამ საშინაო დავალებებით და საკითხავი მასალებით ძალიან დატვირთული, ჩვეულებრივი სასწავლო კვირა. პარასკევს ლექციები არ მაქვს.

გპირდებით, ასეთ მოსაწყენ პოსტს აღარ დავწერ. საჭიროებამ მოითხოვა უბრალოდ 🙂

Written by Azazello

September 12, 2013 at 10:08

ამერიკული სურსათ-სანოვაგის თავისებურებანი

with 3 comments


ამ პოსტში მინდა ჩემი გასაჭირის შესახებ შემოგჩივლოთ. მოკლედ, კიდევ ერთი გაკვეთილი რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ ვისწავლე, უფრო სწორად, ჯერ კიდევ ვსწავლობ, არის ის, რომ სურსათის არჩევისას ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო.

პირველი პრობლემა ისაა, რომ აქ არ არის პატარა მარკეტები, დიდი სუპერმარკეტები კი რა თქმა უნდა ყველგან არაა, ასე რომ, საჭმლის საყიდლად საკმაოდ დიდ მანძილზე წასვლა გიწევს და თუ ეს დიდი მანძილი ფეხით სიარულისთვის შესაფერის მანძილს ნიშნავს, კიდევ გაგიმართლათ. თუ არა და, ან აქაურების უმრავლესობასავით მანქანა უნდა გყავდეთ, ან ჩემსავით ვინმე მოხალისეს გამოჩენას უნდა დაელოდოთ, რომელიც საკუთარი მანქანით სუპერმარკეტში წაგიყვანთ. და აი, რომ მიხვალთ, მერე იწყება ყველაზე საინტერესო.

სურსათის საყიდლად უკვე სამჯერ ვიყავი დიდ სუპერმარკეტებში. სამივეჯერ სხვადასხვა ადგილას. პირველ შოპინგზე, ავიღე კალათა და დავიწყე უზარმაზარ რიგებს შორის სიარული ისე, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა. რამდენიმე საჭირო საკვების ყიდვის შემდეგ თვალში კიტრის მწნილი მომხვდა, დაუფიქრებლად ავიღე და ჩავაგდე კალათში. მერე რაღაც სალათი (გარეგნულად ჩვეულებრივ ბოსტნეულის სალათს ჰგავდა) მომხვდა თვალში და ისიც ჩავაგდე. სახლში მოსვლის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ეს სალათი ყურძნის და მზესუმზირის მარცვლების, სალათის ფოთლის, პომიდვრის, თხილის და კიდევ რამდენიმე უცნაური ელემენტის ნაზავს წარმოადგენდა. ცალ-ცალკე ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ერთად რაღაც საოცრად არამიმზიდველი გემო ჰქონდა, ორ ლუკმაზე მეტი ვერ შევჭამე. შემდეგ კიტრის მწნილი გავხსენი და… ტკბილი აღმოჩნდა. რა უბედურებაა ტკბილი მწნილი? თან ცოტა ტკბილი კი არა, ძალიან ტკბილი. არადა აწერია გარედან Sweet, ჩემი ბრალია რომ არ დავხედე.

შემდეგმა შოპინგმა შედარებით უკეთ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით, რომ ვიყიდე რაღაც ყველი წარწერით сулгуни, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა ქართული ყველის, მით უმეტეს, სულგუნის გემო. პრინციპში, საერთოდ ყველის გემო არ ჰქონდა.

დღეს კი ის ამბავი შემემთხვა, რამაც პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. აქ ჩამოსვლის შემდეგ პური არ მიჭამია საერთოდ, დღეს კი გადავწყვიტე, რომ თევზის უპუროდ ჭამა გამიჭირდებოდა და, ვიყიდე ერთი ცალი. ისევ დაუფიქრებლად ჩავაგდე კალათში, სახლში მოსვლისა და გასინჯვის მერე კი… ისიც ტკბილი აღმოჩნდა. წარწერაც ჰქონია – with honey. რაღაც შუალედური გემო ჰქონდა პურსა და ფუნთუშას შორის.

ჰო, სულ ეს იყო. ჩემი რაციონის სხვა წვრილმანი დეტალები ალბათ არ გაინტერესებთ და აღარ გავაგრძელებ. ან ეს პოსტი რა დასაწერი იყო არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მომიშალა ნერვები იმ ტკბილმა პურმა.

Written by Azazello

August 21, 2013 at 18:10

%d bloggers like this: