Never Mind

Bala's Blog

სიტყვა გათავისუფლებისა

leave a comment »


ურსულა კ. ლე გუინი

 

სად იმყოფებოდა? იატაკი მყარი და სლიკინა იყო, ჰაერი კი ბნელი და აყროლებული. ვერაფერს ხედავდა და ვერც ვერაფერს გრძნობდა, თავის ტკივილის გარდა. სველ იატაკზე გაშხლართულმა ფესტინმა დაიკვნესა და, როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– კვერთხი!

როდესაც ჯადოქარს მურყნისგან გამოთლილი კვერთხი ხელში არ ჩაუვარდა, მიხვდა, საფრთხეში ჩავარდნილიყო. წამოჯდა. რადგან კარგად გასანათებლად თავისი კვერთხი ხელთ არ ჰქონდა, ორი თითი გაატკაცუნა და რაღაც სიტყვა ჩაიბუტბუტა. ჰაერში გაჩენილი ნაპერწკალი ცისფრად მოციმციმე ბურთულად გადაიქცა და შიშინით უსუსურად აფარფატდა ჰაერში.

– ზემოთ! – ბრძანა ფესტინმა და ცეცხლის ბურთულამ ნელი ბიძგებით დაიწყო აღმასვლა, სანამ ძალიან მაღლა, გუმბათოვან ჭერში ამოჭრილი საძვრენი კარი არ გაანათა. ბურთულა ისეთ სიმაღლეზე ასულიყო, რომ გონებით მცირე ხნით მასში გადანაცვლებულმა ფესტინმა საკუთარი სახე ორმოცი ფუტით ქვემოთ ფერმკრთალ წერტილად დაინახა. სინათლეს კედლები არ ირეკლავდა – ისინი ჯადოქრობის მეშვეობით, ღამისგან იყო ნაშენები. საკუთარ სხეულს დაუბრუნდა და თქვა:

– მოშორდი.

ბურთულა გაქრა. ფესტინი წყვდიადში იჯდა და თითებს იტკაცუნებდა.

ალბათ მოულოდნელად, უკნიდან მოვლენილი შელოცვით დაატყვევეს; ბოლოს მხოლოდ ის ახსოვს, რომ საღამოს საკუთარ ტყეებში დასეირნობდა და ხეებს ესაუბრებოდა. ბოლო ხანებში, თავისი ეული ცხოვრების შუა წლებში, ძალების ფუჭად ხარჯვისა და ამაოების შეგრძნება დაეუფლა; მოთმინების სასწავლად სოფლები მიატოვა და ხეებთან საბაასოდ გაემგზავრა; განსაკუთრებით უყვარდა მუხები, წაბლები და ნაცარა მურყნები, რომელთა ფესვები მიწის სიღრმეში მორბენალ წყლებს სწვდება. ექვსი თვეა, ადამიანთან არ უსაუბრია. მხოლოდ ბუნებით იყო დაკავებული, არც შელოცვებს იყენებდა და არც არავის აწუხებდა. აბა, ვის დასჭირდა მისი დატყვევება და ამ აყროლებულ ჭაში გამოკეტვა?

– ვის? – ჰკითხა კედლებს. პასუხად კედლებზე სახელი თანდათან, ასო-ასო შეგროვდა და ქვემოთ ჩამოეწვეთა ქვებს შორის გამომძვრალი შავი წვეთის ან სოკოს სპორების მსგავსად:

– ვოლს.

წამიერად თავად ფესტინიც ცივ ოფლში გაიწურა.

პირველად ვოლ დაცემულის შესახებ მრავალი წლის წინ შეიტყო. როგორც ამბობდნენ, ვოლი ჯადოქრებზე აღმატებული და ამავდროულად ადამიანებზე დაბლა მდგომი იყო; გარე სარტყლის ერთი კუნძულიდან მეორეზე გადადიოდა და უძველესი ხალხის ნაშრომს ანადგურებდა, ადამიანებს იმონებდა, ტყეებს ჩეხავდა და მინდვრებს ძარცვავდა. ყველა ჯადოქარს და მაგს კი, რომელიც მასთან შებრძოლებას ბედავდა, მიწისქვეშა სამარხებში კეტავდა. დარბეული კუნძულებიდან გამოქცეულები ყოველთვის ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებოდნენ და ამბობდნენ, რომ ვოლი საღამოს, ზღვიდან მონაბერ ბნელ ქარებს მოჰყვა.

მონები გემებით უკან დაჰყვებოდნენ და მათი დანახვა შეიძლებოდა, თავად ვოლი კი არავის ენახა… კუნძულებს შორის ბოროტი განზრახვის არაერთი ადამიანი და არსება ბინადრობდა და ფესტინმა, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯადოსანი იყო და წვრთნა ჯერაც არ დაემთავრებინა, ვოლ დაცემულის ამბებს დიდი ყურადღება არ მიაქცია. თავისი ჯერაც გამოუცდელი ძალების იმედად იფიქრა, ამ კუნძულის დაცვა შემიძლიაო და მშვიდად დაუბრუნდა თავის მუხებსა და მურყნებს, მათ ფოთლებში მოშრიალე ქარის ხმას, მათი მრგვალი ვარჯის, ტოტებისა და შტოების ზრდის ხმას, ფოთლებზე ან ფესვების გარშემო ჩამდგარ წყალზე მოლიცლიცე მზის სინათლის გემოს. ახლა სად იყვნენ მისი ხეები, მისი ძველი თანამოსაუბრეები? ნუთუ ვოლმა ტყე გაანადგურა?

საბოლოოდ გამოფხიზლებულმა და ფეხზე წამომდგარმა ფესტინმა მტკიცე ხელები ფართოდ გაშალა და ის სახელი დაიყვირა, რომელსაც წესით ყველა საკეტი უნდა დაემსხვრია და კაცის შექმნილი ყველა კარი ფართოდ გაეღო. მაგრამ ეს კედლები ღამით იყო გაჟღენთილი და ამშენებლის სახელი შეუმჩნეველი, გაუგონარი დარჩა. სახელი უკან ექოდ დაბრუნდა და ფესტინის ყურებს ისეთი სიძლიერით ეკვეთა, რომ ჯადოქარი მუხლებზე დაეცა და თავზე ხელები შემოივლო, ვიდრე ექო საბოლოოდ არ მინავლდა მომრგვალებულ ჭერში. ასეთი მოულოდნელი უკუცემისგან გაოგნებული ფესტინი დაჯდა და ჩაფიქრდა.

მართალს ამბობდნენ – ვოლი ძლიერი იყო. აქ, მისსავე მიწაზე, შელოცვებით ნაშენებ დილეგში, ვოლის მაგია ნებისმიერ პირდაპირ შეტევას გაუძლებდა; ფესტინის ძალები კი ისედაც განახევრებულიყო კვერთხის დაკარგვის გამო. თუმცა, დამატყვევებელსაც კი არ შეეძლო ფესტინისთვის გადანაცვლებისა და გარდასახვის ძალები წაერთმია. ასე რომ, ახლა უკვე ორმაგად ატკივებული ხელები მოისრისა და გარდასახვას შეუდგა. მისი სხეული თანდათან თხელი ნისლის ღრუბლად აორთქლდა.

ნისლი ზოზინით მოსცილდა იატაკს და ლორწოვან კედლებს ჭერისკენ აუყვა, სანამ კედლისა და გუმბათის შეერთების ადგილას თმის ღერისოდენა ნაპრალს არ მიაგნო. ნაპრალში წვეთ-წვეთად ჟონვა დაიწყო. ის-ის იყო, გარეთ მთლიანად უნდა გაეღწია, რომ ნისლს ღუმელიდან დაბერილი ჰაერივით ცხელი ქარი ეტაკა, მისი უწვრილესი წვეთები დაფანტა და გამოაშრო. ნისლი სასწრაფოდ უკან, საკნისკენ შემობრუნდა, იატაკზე სპირალურად დაეშვა და მიწაზე გაშოტილი, აქოშინებული ფესტინის ფორმა მიიღო. გარდასახვა ფესტინისნაირი გულჩათხრობილი ჯადოსნებისთვის დიდი ემოციური დაძაბულობაა; როდესაც ამ დაძაბულობას გარდასახულ მდგომარეობაში სიკვდილის საშიშროება ემატება, განცდები უკვე საზარელ სახეს იღებს. ფესტინი მცირე ხანს იწვა და ძლივს სუნთქავდა. საკუთარ თავზეც ბრაზობდა. ახლა ხვდებოდა, რომ ნისლის სახით გაქცევა ძალზე გულუბრყვილო ჩანაფიქრი იყო. ეს ოინი ყველა სულელმა იცოდა. ვოლმა ალბათ ცხელი ქარი უბრალოდ დარაჯად დატოვა. ფესტინი პატარა ღამურად გარდაისახა, ჭერამდე აფრინდა, შემდეგ კვლავ გარდაიქმნა და ამჯერად უბრალოდ ჰაერის თხელი ნაკადის სახით კვლავ ნაპრალში შესრიალდა.

ამჯერად მეორე მხარეს თავისუფლად გააღწია და მსუბუქი ქროლვით დერეფანში დაეშვა, სადაც ფანჯრის პირდაპირ აღმოჩნდა. მოულოდნელად საშიშროების მკვეთრი წინათგრძნობა დაეუფლა და მყისიერად იმ პატარა და მყარ ფორმად გადაიქცა, რაც თავში პირველი მოუვიდა – ოქროს ბეჭედი. დროულიც იყო: მყინვარე ჰაერის ქარიშხალმა, რომელიც ფესტინის ჰაეროვან ფორმას შეუქცევად ქაოსად აქცევდა, ბეჭდის ფორმაში მყოფ ჯადოქარს მხოლოდ ოდნავი სიცივე მოჰგვარა. როდესაც ქარიშხალმა ჩაიარა, ეგდო მარმარილოს იატაკზე და ფიქრობდა, რისი ფორმა დაეხმარებოდა ფანჯრიდან ყველაზე სწრაფად გაქცევაში.

გორვა დაგვიანებით დაიწყო. ვეებერთელა, უმეტყველოსახიანი ტროლი მგრგვინავი ნაბიჯებით მოქანდა, შედგა, მკვირცხლად მგორავი ბეჭედი დაიჭირა და უზარმაზარ, კირქვისებურ ხელში მოიქცია. შემდეგ დილეგში ჩამავალ საძვრენ კართან მივიდა, რკინის სახელურითა და რაღაც შელოცვების ბუტბუტით გახსნა და ფესტინი წყვდიადში ჩააგდო. ორმოცფუტიანი ვარდნის შემდეგ იატაკზე წკრიალით დაეცა.

თავისი ბუნებრივი სახე მიიღო, წამოჯდა და უხალისოდ შეუდგა დალურჯებული იდაყვის ზელას. საკმარისი იყო ამდენი გარდასახვა ცარიელ კუჭზე. კიდევ უფრო დადარდიანდა კვერთხის დაკარგვის გამო – მისი მეშვეობით ახლა ნებისმიერი რაოდენობის სადილის მოხმობას შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ფორმის შეცვლა და ზოგიერთი შელოცვისა და ძალის გამოყენება შეეძლო, კვერთხის გარეშე სხვა, მატერიალური საგნების მოხმობა ან გარდასახვა არ ძალუძდა – არც ელვის და არც ბატკნის ბარკლის.

– მოთმინება, – შეუძახა ფესტინმა საკუთარ თავს და როდესაც სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა, საკუთარი სხეული ბატკნის მწვადის სურნელის მატარებელი აქროლადი ზეთების უთვალავ ნაწილაკად დაშალა და ნაპრალისკენ კიდევ ერთხელ გაემართა. დადარაჯებულმა ტროლმა იჭვნეულად დაიწყო ჰაერში დატრიალებული სურნელის ყნოსვა, მაგრამ ფესტინმა საკუთარი სხეული უკვე შევარდნად გარდასახა და ფრთების ტყლაშუნით პირდაპირ ფანჯრისკენ გაფრინდა. ტროლი გამოედევნა, მაგრამ რამდენიმე იარდით დააგვიანა და ქვის მოგუგუნე ხმით დაიღრიალა:

– ქორი, ქორი დაიჭირეთ!

მოჯადოებული ციხესიმაგრიდან გამოფრენილმა ფესტინმა დასავლეთისკენ, წყვდიადში ჩაფლული თავისი ტყისკენ აიღო გეზი; მზის შუქი და მოკაშკაშე ზღვა თვალებს უბრმავებდა, მაგრამ ქარს მაინც ისარივით მიაპობდა. თუმცა უფრო სწრაფმა ისარმა მაინც მიაგნო. ყვირილით დაეშვა ძირს. გარშემო მზე, ზღვა და კოშკები დაბზრიალდნენ და გაქრნენ.

 

ისევ დილეგის ნესტიან იატაკზე გაეღვიძა; ხელები, თმა და ტუჩები საკუთარი სისხლით დასველებოდა. ისარი შევარდნის სხეულს – ფრთაში, ადამიანის სხეულში კი მხარში გარჭობოდა. უძრავად მწოლიარემ ჭრილობის დასახური შელოცვა ჩაიბუტბუტა. ახლა უკვე შეეძლო, წამომჯდარიყო და განკურნების უფრო გრძელი და ღრმა შელოცვა გაეხსენებინა. მაგრამ ბლომად დაკარგა სისხლი და, მასთან ერთად, ენერგიაც. ფესტინის ძვლებში ისეთი სიცივე ჩამდგარიყო, რომ მათ გათბობას განკურნების შელოცვითაც ვერ მოახერხებდა. თვალებში ჩამდგარ სიბნელეს მოციმციმე ბურთულის გაჩენამ და აყროლებული ჰაერის განათებამაც ვერ უშველა: ფრენისას შემჩნეულ ისევ იმ ბნელ ბურუსს ხედავდა, რომელშიც მისი ტყე და მისი მიწების პატარა სოფლები გახვეულიყო.

იმ მიწების დაცვა მისი ვალი იყო.

პირდაპირ გაქცევას ვეღარ ცდიდა, ძალზე დაღლილი და დასუსტებული იყო. საკუთარ შესაძლებლობებს ზედმეტად ენდო და ძალა დაკარგა. ახლა უკვე რა ფორმაც უნდა მიეღო, ეს სისუსტე ბოლომდე გაჰყვებოდა და ისევ ხაფანგში აღმოჩნდებოდა.

სიცივისგან აკანკალებულმა და მობუზულმა სინათლის ბურთულას საშუალება მისცა, ჭაობის აირის კვამლის უკანასკნელი ბოლქვი გამოეშვა და ჩამქრალიყო. აირის სუნმა გონების თვალში ტყის კიდიდან ზღვამდე გადაჭიმული ჭაობები გაახსენა, მისი საყვარელი ადგილები, სადაც ადამიანები არ მოდიოდნენ, სადაც შემოდგომით გედები გრძელ და სწორ ხაზად მიფრინავდნენ, სადაც მშვიდ გუბეებსა და ლერწმის კუნძულებს შორის მკვირცხლი, მაგრამ ჩუმი ნაკადულები ზღვისკენ მიძვრებოდნენ. ეჰ, რას არ მისცემდა ამ ერთ-ერთ ნაკადულში მოცურავე თევზი რომ ყოფილიყო; ანდა კიდევ უკეთესი იქნებოდა, სადმე უფრო ზემოთ, წყაროებთან ახლოს, ტყეში, ხეების ჩრდილში, მურყნის ფესვებქვეშ დაგუბებულ წყალში შემალული რომ ისვენებდეს…

ეს დიადი მაგია იყო. ფესტინი ამ მაგიაში ისეთივე გამოუცდელი იყო, როგორც საფრთხეში მყოფი ან განდევნილი ადამიანი, რომელიც საკუთარი არემარის მიწა-წყალს ნატრობს და წარმოსახვაში ხედავს თავისი კარის ზღურბლს, სასადილო მაგიდას, საძინებლის ფანჯარასთან მოშრიალე ხის ტოტებს… უდიდესი ჯადოქრების გარდა, სხვები მხოლოდ სიზმარში აცნობიერებენ შინ დაბრუნების ამ დიდ მაგიას. მაგრამ ფესტინი, რომლის ძვლის ტვინიდან სიცივე ნერვებსა და ვენებს მიუყვებოდა, შავ კედლებს შორის ფეხზე წამოიმართა და მთელი თავისი ძალა მოიკრიბა, ვიდრე ამ ძალამ მის ხორცში ჩაბუდებული წყვდიადი არ გაანათა. ფესტინმა უდიდეს და ჩუმ მაგიაზე მუშაობა დაიწყო.

 

კედლები გაქრა. მიწაში იყო, ძვლები გრანიტის ლოდებმა შეცვალეს, სისხლი – მიწისქვეშა წყლებმა, ნერვები – მცენარეთა ფესვებმა. ნიადაგში ბრმა ჭიასავით, ნელა მიემართებოდა დასავლეთისკენ; წინაც და უკანაც მხოლოდ წყვდიადს ხედავდა. უეცრად ზურგისა და მუცლის გასწვრივ სიგრილის მხიარული, ენერგიული და მძლავრი მოალერსება იგრძნო. გვერდებით წყალს გემო გაუსინჯა და დინება შენიშნა; უქუთუთო თვალებით კი წინ, მურყნის დიდ, საყრდენ ფესვებს შორის ღრმა, ყავისფერი გუბე დაინახა. ჩრდილში ვერცხლისფრად მოელვარე სწრაფად გაეშურა მისკენ. გათავისუფლდა. შინ იყო.

სუფთა წყაროდან წყალი უხმაუროდ მოედინებოდა. გუბის ფსკერზე ქვიშაში იწვა და განკურნების ნებისმიერ შელოცვაზე ძლიერ გამდინარ წყალს საშუალებას აძლევდა, თავისი სიგრილით ჭრილობები დაეამებინა და მის სხეულში ჩაბუდებული დაუპატიჟებელი სიცივე გამოერეცხა. მაგრამ მოსვენებისას მიწის რყევა იგრძნო და ფეხების ბაკუნი შემოესმა. ვინ დააბიჯებდა მის ტყეში? იმდენად დაქანცული იყო, რომ გარდასახვა არც უცდია, საკუთარი მოციმციმე კალმახ-სხეულით მურყნის მორკალული ტოტის ქვეშ დაიმალა და დაელოდა.

წყალში უზარმაზარი, რუხი თითები აფათურდა და ქვიშა მოსინჯა. წყლის ზედაპირის ზემოთ მქრალად გამოჩნდა გაურკვეველი სახეები, რომელთა ცარიელი თვალები ჯერ ბუნდოვნად გაკრთნენ, შემდეგ გაქრნენ და ხელახლა გამოჩნდნენ. ბადეებმა და ხელებმა კვლავ დაიწყეს წყლის სინჯვა, ერთხელ ააცილეს, ვერც მეორედ მოიხელთეს, მაგრამ შემდეგ მაინც გამოიჭირეს და ჰაერში ფართხალით ასწიეს. წვალებით სცადა, საკუთარი ფორმა დაებრუნებინა, მაგრამ ვერ შეძლო; შინ დაბრუნების საკუთარმა შელოცვამ დაატყვევა. ბადეში იკლაკნებოდა, მშრალ, კაშკაშა, საშინელ ჰაერს ხარბად ყლაპავდა; იხრჩობოდა. აგონია ძლიერდებოდა, შემდეგ კი ყველაფერი გაქრა.

კარგა ხნის შემდეგ, ნელ-ნელა მოვიდა გონზე და გააცნობიერა, რომ ისევ თავისი ადამიანური ფორმა დაებრუნებინა; ყელში რაღაც მძაფრი, მჟავე გემოს სითხე ნაძალადევად ჩასდიოდა. ისევ გაითიშა და გონს მოსული ისევ დილეგის ნესტიან იატაკზე პირქვე გაშოტილი აღმოჩნდა. მტრის ძალაუფლების ქვეშ დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქავდა, სიკვდილთან საკმაოდ ახლოს იყო.

მთელ სხეულში სიცივეს გრძნობდა; თანაც, ვოლის მსახურმა ტროლებმა, ალბათ, კალმახის მყიფე ძვლები დაამსხვრიეს, რადგან გამოძრავებისას ფესტინს ნეკნები და ერთ-ერთი წინამხარი ჯოჯოხეთურად ეტკინა. ძვლებდამსხვრეული და ძალაგამოცლილი იწვა ბნელი სოროს ფსკერზე. ფორმის შესაცვლელად ძალა აღარ დარჩენოდა; გასასვლელად სხვა გზა აღარ არსებობდა, გარდა ერთისა.

უმოძრაოდ მწოლიარე, მთელ სხეულში ტკივილჩამდგარმა ფესტინმა ფიქრი დაიწყო: „რატომ არ მომკლა? აქ ცოცხლად გამომწყვდეულს რატომ მტოვებს?

რატომ არასდროს არავის უნახავს? რა თვალს შეუძლია მისი დანახვა, რა მიწაზე შეუძლიათ მის ფეხებს სიარული?

მიუხედავად იმისა, რომ ძალა აღარ დამრჩა, მას ჩემი ეშინია.

ამბობენ, რომ ყველა ჯადოქარი და ძლევამოსილი ადამიანი, რომელიც ვოლმა დაამარცხა, ასეთივე დალუქულ სამარხებში იმყოფება, წლიდან წლამდე სიცოცხლეს აგრძელებს და გათავისუფლებას ცდილობს…

მაგრამ რა მოხდება, თუ ვინმე სიკვდილს აირჩევს?“

ფესტინმა თავისი არჩევანი გააკეთა. ბოლოს გაიფიქრა, თუ აღმოჩნდა, რომ შევცდი, ხალხი ლაჩრად ჩამთვლისო. მაგრამ ამ ფიქრზე დიდხანს არ შეჩერებულა. თავი ოდნავ გადაატრიალა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ წარმოთქვამენ: სიტყვა გათავისუფლებისა.

ეს გარდასახვა არ იყო. ის არ შეცვლილა. მისი სხეული, გრძელი მკლავები და ფეხები, მისი ჭკვიანი ხელები, თვალები, რომლებსაც ხეებისა და ნაკადულების თვალიერება უყვარდათ – ყველაფერი უცვლელი იყო, მაგრამ სრულიად უმოძრაო და სიცივით სავსე. თუმცა კედლები გამქრალიყო. გაქრა ჯადოქრობით აშენებული დილეგები, ოთახები და კოშკები; ტყე, ზღვა და საღამოს ზეცაც. ყველაფერი გაუჩინარდა და ფესტინი ნელ-ნელა ახალი ვარსკვლავების ქვეშ, არსობის ბორცვის დამრეც ფერდობზე დაეშვა.

სიცოცხლეში მას დიდი ძალა ჰქონდა, რომელიც ახლაც არ დაუკარგავს. ფართო სამყაროს სიბნელეში სანთლის ალივით მოძრაობდა. თავისი მტრის სახელი გაიხსენა და დაიძახა:

– ვოლ!

ვოლი ძახილს წინ ვერ აღუდგა და ვარსკვლავების შუქზე მისი მკრთალი ფიგურა ფესტინისკენ გამოემართა. ფესტინი მიუახლოვდა და ვოლმა ისეთი ყვირილი ამოუშვა, თითქოს ცოცხლად წვავენო. გაიქცა და ფესტინიც კვალში დაედევნა. დიდი გზა განვლეს, გადაიარეს უსახელო ვარსკვლავებისკენ კონუსებად აღმართულ უზარმაზარ ჩამქრალ ვულკანებზე, მდუმარე ქედებზე, დაბალი, შავი ბალახის მდელოებზე; გადაიარეს ქალაქები და ჩაიარეს ამ ქალაქების ჩაბნელებულ ქუჩებში, სადაც ფანჯრებში ერთი სახეც კი არ მოჩანდა.

ვარსკვლავები ცაში იყვნენ გამოკიდებულნი; არც ერთი მათგანი ქრებოდა და არც ახლები ჩნდებოდნენ. აქ არაფერი იცვლებოდა. არასოდეს გათენდებოდა. მაგრამ ისინი მაინც გზას აგრძელებდნენ, ფესტინი მეორეს ყოველთვის უკან მიჰყვებოდა და დევნიდა; ბოლოს იმ ადგილს მიაღწიეს, სადაც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მდინარე იყო: ცოცხალი მიწებიდან მომდინარე მდინარე. დამშრალ კალაპოტში, კენჭებს შორის, გვამი ესვენა: შიშველი მოხუცი კაცი, რომლის ცარიელი თვალები მის სიკვდილში უდანაშაულო ვარსკვლავებს მისჩერებოდნენ.

– დაუბრუნდი, – დაიძახა ფესტინმა. ვოლ-ჩრდილმა დაიკრუსუნა, მაგრამ ფესტინი კიდევ უფრო მიუახლოვდა. ვოლი შეშინებული მოიკუნტა, დაიხარა და თავისი მკვდარი სხეულის პირში შეძვრა.

გვამი იმწამსვე გაქრა. ვარსკვლავების შუქზე ისევ ციმციმებდნენ მშრალი კენჭები, რომლებსაც არანაირი ნიშანი, არანაირი ლაქა არ ეტყობოდათ. ფესტინი ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, შემდეგ დიდ ლოდებს შორის დასასვენებლად ჩამოჯდა. დასასვენებლად და არა დასაძინებლად, რადგან ამიერიდან აქ უნდა იდარაჯოს იქამდე, ვიდრე საკუთარ საფლავში დაბრუნებული ვოლის სხეული მტვრად იქცევა, ბოროტი ძალა კი გაქრება, ქარის მიერ გაიფანტება და წვიმით ზღვისკენ ჩაირეცხება. უნდა იდარაჯოს აქ, ამ ადგილას, სადაც ერთ დროს სიკვდილმა სამყაროში დასაბრუნებელი გზა იპოვა. უსაზღვრო მოთმინებით აღვსილი ფესტინი ლოდებს შორის იცდიდა იქ, სადაც აღარასოდეს გაივლიდა მდინარე, ქვეყანაში, რომელსაც ზღვის ნაპირი არ გააჩნია. ფესტინის თავზემოთ უძრავად გამოკიდებულიყვნენ ვარსკვლავები; მათ შემყურეს ნელა, ძალიან ნელა, თანდათან ავიწყდებოდა ნაკადულების ჩუხჩუხისა და სიცოცხლის ტყეში ფოთლებზე მოწკაპუნე წვიმის ხმა.

1964

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: